skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა საქართველოში, რომელიც ალიანსის არაწევრი ქვეყანაა, „უაღრესად მნიშვნელოვანია“.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისათვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 25 მაისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

თბილისში  დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

„ნატოს ისტორიაში, მხოლოდ ოთხჯერ,  არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს 600-მდე დელეგატი ეწვევა, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტების დეპუტატები, ასევე 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები.  ნატოს  წევრი ქვეყნების დეპუტატები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ.

სესიის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. 29 მაისს სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
 
სესიის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button