ახალი ამბები

რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის საქმიანობას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით და ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ვალდებულებების შეუსაბამობის გამო ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იარაღის კონტროლის, გაუვრცელებლობის და განიარაღების შესახებ არსებულ შეთანხმებებთან და ვალდებულებებთან ქვეყნების შესაბამისობის თაობაზე 2017 წლის ანგარიშის გამოქვეყნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კითხვები ამერიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით უპასუხოდ რჩება, რაც მოსკოვში „მზარდ შეშფოთებას“ იწვევს; გარდა ამისა, აშშ-ის ქმედება რუსეთს უბიძგებს „დაფიქრდეს აშშ-ის რეალურ, და არა საჯაროდ დეკლარირებულ, სამხედრო-ბიოლოგიურ დღის წესრიგზე“.  

„არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოში (ალექსეევკა) განთავსებული აშშ-ის სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველოს მნიშვნელოვანი გაძლიერება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროს მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების დირექტორატი – საქართველო, რომელიც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ნაწილია. აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების და მატერიალური სარდლობის ინფორმაციით, მისი მიზანია სამედიცინო საფრთხეების გამოვლენა და შემსუბუქება და ენდემური დაავადებების საფრთხეებთან ბრძოლა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით.

ლუგარის ცენტრი ქართულ-ამერიკული ერთობლივი ობიექტია. საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასევე იტყობინება, რომ ამჟამად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრის საქართველოს მთავრობისთვის გადაცემის პროცესი, რის შედეგადაც 2018 წლიდან ცენტრის დაფინანსებასა და საქმიანობაზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს მთავრობა აიღებს.

რუსეთს მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები საქართველოში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ. 2013 წლის ივლისში,  „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ლაბორატორია „ძლიერ შეტევით პოტენციალს“ წარმოადგენს  და „ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის პირდაპირ დარღვევად“ მიიჩნევა. 

2015 წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ და საქართველო აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევების დირექტორატის ნამდვილი საქმიანობის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა. 2016 წლის თებერვალში ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში შესაძლებელია კოღოების ზიკას ვირუსით დაინფიცირება.     

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებების შესახებ ვენის დოკუმენტით და „ღია ცის“ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან რუსეთის შესაბამისობის მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული მისი სამხედრო ძალების შესახებ, როგორც ამას ვენის დოკუმენტი მოითხოვს. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ „ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობენ და ვინაიდან ყველა სხვა მონაწილე სახელმწიფო მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს“, ისინი ვენის დოკუმენტის მოქმედების არეალში ექცევიან.  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს „ღია ცის“ ხელშეკრულებას, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, რომ სხვა მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე უიარაღო საჰაერო სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ, რადგან "2010 წლიდან მათ საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებთან მისი [რუსეთის] საზღვრის გასწვრივ ათკილომეტრიან დერეფანში შესვლის უფლებას უზღუდავს." 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან ორივე რეგიონი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ნაწილებად მიიჩნევა, „არ არსებობს იმის საფუძველი, რომ სადამკვირვებლო ფრენები აიკრძალოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთის 10 კილომეტრზე“.

ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი „სუვერენული სახელმწიფოებია“, რომლებიც არც ერთი ამ ხელშეკრულების ან ეუთოს წევრ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ და შესაბამისად, არც რაიმე ვალდებულება აკისრიათ.

მსგავსი/Related

Back to top button