Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსთავი 2-ის მფლობელები საკონტროლო პაკეტს თანამშრომლებს გადასცემენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 25 მარტს განაცხადა, რომ არხის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მიიღონ ამჟამინდელი მფლობელების, ძმები გიორგი და ლევან ყარამანიშვილების შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადაეცემა. საკონტროლო პაკეტის მართვის მიზნით „შპს რუსთავი 2 ჩემია“ ჩამოყალიბდება.

ტელეკომპანიის თქმით, შპს-ს დამფუძნებლები ყველა განყოფილების თანამშრომელი, უმეტესად ჟურნალისტები იქნებიან. ზოგიერთმა ჟურნალისტმა აქციონერთა სიის შესახებ შიდა განხილვის ეთერში გაშვება გააპროტესტა.

ძმები ყარამანიშვილები „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ 91%-იანი წილის მფლობელები 2011 წლიდან არიან. ყარამანიშვილების საკუთრების უფლება ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში გაასაჩივრა. მის სარჩელს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა, თუმცა 2 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, მოგვიანებით კი 7 მარტს შეჩერების აღსრულება გაახანგრძლივა.

თავისი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ბრალდებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც ხალვაში მოქმედი ხელისუფლების მითითებით მოქმედებს და ოპოზიციური ტელეკომპანიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. ძმები ყარამანიშვილები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლები არიან.

შემოთავაზება და საპასუხო შემოთავაზება

25 მარტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყარამანიშვილების მიერ 23 მარტს აქციების 40%-ის შემოთავაზება, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამშრომლების სახელით უარყო. მან საპასუხო შემოთავაზება გააკეთა და თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა მოითხოვა.

„გადაეცეს არხი საკუთრებაში იმათ, ვინც რეალურად და სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი თავგანწირული ბრძოლით დღემდე მოიტანა ეს კომპანია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეუნარჩუნა მთელ საქართველოს“, – განაცხადა გვარამიამ, „მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე".

„ღრმად გვწამს, რომ ამ შეთავაზების დაკმაყოფილებით, ძმები ყარამანიშვილები გამოიყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას, ოქროს ასოებით ჩაწერონ საკუთარი სახელები ქართული მედიის და გამოხატვის თავისუფლების ისტორიაში“, – დასძინა მან.

მოგვიანებით, 25 მარტს ლევან ყარამანიშვილმა თავის Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გვარამიას საპასუხო შემოთავაზებას დათანხმდა.

„ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა“, – განაცხადა ყარამანიშვილმა. მან მოუწოდა, რომ შეწყდეს ამ თემაზე საჯარო განხილვები და დაიწყოს სამართლებრივი კონსულტაციები.

 

მსგავსი/Related

Back to top button