ახალი ამბები

მარგველაშვილმა სერგეი ლავროვის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოს მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ მარშრუტს, რომლის გამოყენებასაც ტერორისტები „აქტიურად ცდილობენ“.

21 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მარგველაშვილმა უარყო სერგეი ლავროვის ბრალდებები და განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები „აქტიურად მუშაობენ“ ტერორიზმის წინააღმდეგ.

„საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობს ამაზე, არამედ საქართველო არის იმ კოალიციის წევრი, რომელიც ტერორიზმს ებრძვის, არა პოლიტიკური განცხადებების, არამედ თავისი შეიარაღებული ძალების მეშვეობით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მაღალ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს პასპორტებისა და საზღვრის კონტროლის თვალსაზრისით.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „გარკვეული სირთულეები“ ისევ რჩება.

„ამ თვალსაზრისით, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს, რომლითაც ჩვენმა სამართალდამცავებმა იმუშავეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული ნარჩენების კონტროლის თვალსაზრისით,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული ნარჩენებით ვაჭრობის მცდელობის, სავარაუდოდ, 25 ფაქტი აღკვეთეს.

22 თებერვალს სეპარატრისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მარგველაშვილი „აშკარად მცდარი ინფორმაციის“ გავრცელებაში და აფხაზეთის შესახებ „უარყოფითი იმიჯის“ შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები ქართულ მხარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არასდროს დაუყენებია.

„ამ თემაზე ასევე საუბარი არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შემოწმების დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე რადიოაქტიული ნივთიერება არ აღმოუჩენიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button