ახალი ამბები

საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებში მონაწილეობდა

საქართველოს შესახებ საუბრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რომელიც პირველი გამოვიდა სიტყვით, განაცხადა, რომ „კრიზისები“ საქართველოსა და უკრაინაში „იმის დასტურია, რომ ევროპა ახალი კონფლიქტების აღმოცენების რისკის ქვეშ რჩება“.

„გაერთიანებული ერები სრულად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – განაცხადა მან და მოუწოდა მის მონაწილეებს, რომ “გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რათა ყველასთვის სასარგებლო გამოსავალი გამოინახოს“.

„ბოლო დროს გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, მაგრამ მშვიდობისა და უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან მიმართებაში ბევრად მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის, თავისუფალი გადაადგილების და დევნილთა შესახებ „გადაუდებელ საჭიროებას“ წარმოადგენს.

საქართველოს თემაზე ასევე ისაუბრა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ 2008 წლის შემდეგ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა ვერ მოხერხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს „ძლიერი ურთიერთობები“ გაეროსთან, საქართველოში ერთობლივი საქმიანობის განვითერების „მყარ საფუძველს“ ქმნის.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაეროსთან და ევროკავშირთან როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, და ასევე როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მხარდამჭერი“, – განაცხადა ზანიერმა.

გენერალური მდივნის თქმით, ეუთო ხელს უწყობს რეგიონში ნდობის აღდგენას ადგილზე მიზნობრივი ინიციატივების განხორციელების გზით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პავლო კლიმკინმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის 2008 წლის „აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“ „ლაკმუსის ტესტი გახდა ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

„ეს იყო გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელსაც ყურადღება არ დაეთმო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „აგრესორმა, რომელიც მხოლოდ მსუბუქად დაისაჯა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს მწვანე შუქად მიიღო“.

„ვისწავლეთ გაკვეთილი 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებიდან? დღეს აშკარაა, რომ არც თუ საკმარისად. აგრესორების დაყვავებას და არასაკმარის რეაგირებას მეტი აგრესიის წახალისება მოჰყვება“, – განაცხადა მან.

სკანდინავიის ქვეყნების (დანია, ფინეთი, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნა და „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომის“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

„ბევრი კონფლიქტის შემთხვევაში, მრავალმხრივ ორგანიზაციებს ხელი ეშლებათ საკუთარი როლის შესრულებაში. აფხაზეთში გაეროს სადამკვირვებლო მისია დაიხურა და სხვა ინსტიტუტებსაც არ აქვთ იქ მნიშვნელოვანი წვდომა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები უნდა გაგრძელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დებატების დროს სხვა ქვეყნებმაც ისაუბრეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, მათ შორის იყვნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, ლიხტენშტაინი, იტალია, თურქეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ახალი ზელანდია და ბულგარეთი.

„საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე მცოცავი ოკუპაციით და ე.წ. რეფერენდუმებით, არჩევნებით ან თუნდაც ამ ოკუპირებული რეგიონების სახელების შეცვლით, რუსეთი კვლავ არღვევს საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებს“, – ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა დებატებზე განაცხადა.

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ, განაცხადა რომ „საქართველოს სუვერეტიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება და პატივისცემაა საჭირო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც საქართველოს სახელით გააკეთა განცხადება, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიის“ გამო რუსეთის ფედერაცია გააკრიტიკა.

„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მიუხედავად საქართველოს „ჩართულობის, ნდობის აღდგენის და შერიგების“ პოლიტიკისა, განაცხადა ჯანელიძემ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს „ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „საოკუპაციო რეჟიმის“ გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები „კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას“.

„საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით“, – განაცხადა ჯანელიძემ.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობის მიუხედავად, „უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ხელშესახები შედეგის მისაღწევად, რაც უპირველეს ყოვლისა, ყველა მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზადყოფნას საჭიროებს“.

„აუცილებელია უფრო მეტი ჩართულობა თანათავმჯდომარეებისა და გენერალური მდივნის მხრიდან, ისევე როგორც მათ მიერ პროცესის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე წარმართვა. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ გენერალურ მდივანს, რათა უფრო ძლიერი ლიდერის როლი შეასრულოს“, – დასძინა ჯანელიძემ.

თავის გამოსვლაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ პიოტრ ილიჩევმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მაშინ „ამოიწურა“, როდესაც „მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელ სამხედრო ავანტიურას ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბება მოჰყვა“.

„ამიტომ, ახლა არა კონფლიქტის მოგვარებაზე, არამედ საქართველოსა და ორ ახალ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ვსაუბრობდეთ“, – განაცხადა ილიჩევმა და დასძინა, რომ „ეს თემა აქტიურად განიხილება“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button