ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის აქცია დაკავებებით დასრულდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისის მერიის წინ გამართული აქცია 13 მომიტინგის დაკავებით დასრულდა. 

დაახლოებით 100 აქტივისტი შეიკრიბა 13 თებერვალს წინა კვირას დაწყებული აქციის ფარგლებში, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხარადჭერისა და „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე „სამართლიანი“ მართლმსაჯულების მოთხოვნით.

მანამდე 5 თებერვალს, „რუსთავი 2“ იტყობინებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახმა 23 დეკემბერს მიწის ნაკვეთი და 1 მილიონი ლარის ოდენობის ფულადი ანაზღაურება მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რათა მას ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

ეს ბრალდება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ უარყო. მისი თქმით, ფული ნაზღაიძის ძმას გადაერიცხა იმ ნაკვეთის საკომპენსაციოდ, რომელიც 2015 წლის თბილისის წყალდიდობის შედეგად განადგურდა.  

„კონკრეტული ფაქტი არსებობს, როდესაც კონკრეტულ მოსამართლეს მისცეს ქრთამი, მილიონი ლარის ოდენობით და ნული რეაგირება, და პირიქით, აქაც ყოფნით კადნიერება გამოდიან და ამბობენ, რომ ტყუილიაო, არადა დოკუმენტი არსებობს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 13 თებერვლის აქციაზე.

მელია თბილისის მერიაში შესვლას ითხოვდა, რომელიც დაცვას ბლოკირებული ჰქონდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე მაშინ დააკავა, როდესაც ისინი შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

მოგვიანებით თბილისის მერიამ განცხადება გამოაქვეყნა და ნაციონალური მოძრაობა „აჟიოტაჟის შექმნასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში“ დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში მანიპულირებს გარკვეული თემებით“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავა აქვთ ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა. ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

მსგავსი/Related

Back to top button