skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვს აკრიტიკებენ

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სახელწოდების გადარქმევის თაობაზე შემოთავაზებულ რეფერენდუმს თბილისის ფართო კრიტიკა მოყვა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა რეფერენდუმის თაობაზე განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც მას „უკანონო“ და „მიუღებელი“  უწოდეს და რუსეთის ფედერაცია რეგიონის ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებაში დაადანაშაულეს.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს რეგიონის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.

7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“  რუსეთის „საოკუპაციო რეჟიმის“ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს „ძირძველ რეგიონს უწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“, რათა „მოამზადოს საფუძველი ოკუპირებული რეგიონის უკანონო ანექსიისთვის“.

„რუსეთის ფედერაციამ  ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევით, აღიარა ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ეწევა ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას.  საქართველოს ოკუპირებული რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭებით მოსკოვი იწყებს დარჩენილი ინსტრუმენტების ამოქმედებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია მკვიდრი ქართველი მოსახლეობა და ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, არის უკანონო და, გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს“. 

„აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყებამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას „გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ, მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია, და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად“. 

მან ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განცხადება 8 თებერვალს გაავრცელა, განაცხადა, რომ  „ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები“.

„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, „უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ“.

კვირიკაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას“.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ საკითხზე განცხადება 7 თებერვალს გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისაკენ“.

„პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლება, რომ „გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ“. მარგველაშვილმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის  შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას“.

მსგავსი/Related

Back to top button