skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების „საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე“ მოყვანა ხორციელდება

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ძალების „საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე“ მოყვანა ხორციელდება. მათი ინსპექტირება სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განახორციელა.

„მორიგე ცვლას დაევალა, რომ საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოიყვანოს მოტომსროლელთა, სატანკო, საარტილერიო ქვედანაყოფები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ნაწილები“, – იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„სამხედრო ბაზის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა განსაზღვრულ რაიონებში სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მარში განახორციელეს. ძარცემის პოლიგონზე სამხედროებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს Т-72А საბრძოლო ტანკების, БМП-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანების, თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკას“, ნაღმტყორცნი „სანის“, ავტომარული და ხელის ყუმბარმტყორცნების АГС-17 და РПГ-7, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ამას გარდა, დამუშავდა ქმედებები მთებში მანევრირებული თავდაცვისა და პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ უკანასკნელისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 500-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 100 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button