ახალი ამბები

ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირების გამოხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერაზე

ევროპარლამენტმა 2 თებერვალს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 66 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 28 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

ქვემოთ მოცემულია საქართველოს და ევროკავშირის ოფიციალური პირების გამოხმაურებები Twitter-ზე ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის!“ 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს! მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას! მადლობა ევროპარლამენტს და ყველა მონაწილე მხარეს.“

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: „უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებისგან სარგებელი მიიღონ“.

სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე: „ვულოცავ ქართველ ხალხს! ჩვენ მივაღწიეთ ამას!“  

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი: „კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის: ევროპარლამენტის პლენარული სხდომის მიერ მარია გაბრიელის მოხსენების მიღება იმის დასტურია, რომ ევროკავშირი თავის დანაპირებს ასრულებს!“

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭოც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მალე ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის დამსახურებული სარგებლით!“

მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი: „მივესალმები ევროპარლამენტის მიერ დღეს დიდი უმრავლესობით საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას.“

ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი: „დიდი სიახლე საქართველოსთვის: ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაამტკიცა“.

მიჰალ ბონი, ევროპარლამენტარი: „ძვირფასო ქართველებო, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბოლო მილია ვიზალიბერალიზაციის გზაზე თქვენს მარათონში. თქვენ ამას იმსახურებთ“.

 
ანა გომესი, ევროპარლამენტარი: „ევროპარლამენტის პლენარულმა სხდომამ დაამტკიცა ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის – 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი, 28-მ თავი შეიკავა – ეს მიღწევაა ევროკავშირის და საქართველოს მოქალაქეებისთვის!“  

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტარი: „შესანიშნავი შედეგი, რადგანაც ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია დაამტკიცა“.

კატი პირი, ევროპარლამენტარი: „ვულოცავ ქართველებს! გრძელი და რთული გზის შემდეგ, ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლას კენჭი უყარა“.

საიად კარიმი, ევროპარლამენტარი: „გარკვეულწილად, ჩვენ მცირე როლი შევასრულეთ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაში. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს უვიზო რეჟიმის მხარდაჭერა სწორედ ამის დასტურია“.  

ლინას ლინკევიჩიუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „თითქმის ადგილზე. გილოცავთ“.  

მიროსლავ ლაიჩაკი, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი: „ვულოცავ საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის 2016 წლის კიდევ ერთი პრიორიტეტი დასრულდა. ეს იმის დასტურია, რომ გულმოდგინე მუშაობა შედეგს გამოიღებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button