skip to content
ახალი ამბები

ბათუმის ორ სკოლაში აფხაზური ენის კლასები გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ 31 იანვარს ბათუმის ორ სკოლაში აფხაზური ენის კლასები გახსნეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ერთი ჯგუფი ბათუმში იმუშავებს, ხოლო ორი ჯგუფი – სოფელ ფერიაში. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი უტარდებათ და ის ნებისმიერი ასაკის მსმენელზეა გათვლილი.   

„ჩვენი ვალდებულებაა აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის დაცვა, აფხაზური ქართულთან ერთად არის სახელმწიფო ენა და მომავალში კიდევ მეტ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ფერიაში კლასის გახსნის შემდეგ.

„ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, შერეული ოჯახები და ეს ადამიანები დღეს საუბრობენ შერიგების აუცილებლობაზე, ერთად თანაცხოვრებაზე, მშვიდობაზე, იმაზე რასაც ისინი ამ სოფელში ერთად აკეთებენ და რაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩართულობით, შერიგების პოლიტიკით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა. 

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზური ქართულთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენადაა აღიარებული.

საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) 864 ეთნიკური აფხაზიდან 272–მა განაცხადა, რომ აფხაზური მათი მშობლიური ენაა. მათ შორის, 113–მა აფხაზურად მოსაუბრემ აღნიშნა, რომ ისინი აჭარის რეგიონში ცხოვრობენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს არაერთხელ მიმართა მთავრობას აჭარაში აფხაზური ენის შესწავლის ხელშეწყობის თხოვნით.

„2011 წლიდან ეს ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში იქნა შეტანილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან  სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.   

აფხაზეთის მთავრობას, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში 90–იანი წლების კონფლიქტის შემდეგ თბილისის მიერ ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად განიხილება, 2015 წლის შემდეგ აფხაზური ენის კლასები აქვს გახსნილი ზუგდიდის, თბილისის და სენაკის ოთხ სკოლაში.   

 

მსგავსი/Related

Back to top button