ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 30 იანვარს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

პირველ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაგლანდს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტორბიორნ იაგლანდმა „კიდევ ერთხელ  ხაზი გაუსვა“ ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და „დაადასტურა“, რომ გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა საკითხი ასევე წამოწია პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ასევე გაუსვა ხაზი ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მნიშვნელობას. პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს საქართველოში კონფლიქტის შესახებ. 

მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები, ასევე ევროპის საბჭოს 2016–2019 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს შესახებ. „ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

პარლამენტში გამართული შეხვედრის დროს იაგლანდმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის და ვენეციის კომისიასთან მისი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმის პროცესებზე, და საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს 2016–2019 წლების სამოქმედო გეგმაზე.

„განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. სხვადასხვა თემაზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიშისთვის. თუმცა, სინანული გამოთქვა იმის გამო, სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათა ადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იქნა განხილული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრაზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან.

 „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთულება საქართველოსთან თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისადმი , რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ აქ მიმდინარე მრავალ რეფორმასთან დაკავშირებით; კერძოდ, ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო პროცესზე, რომელიც, ვიმედოვნებთ, იქნება ყოვლისმომცველი და წარმოადგენს ფართო პლატფორმას პოლიტიკური საქმიანობისა და ინსტიტუციური მშენებლობისთვის, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა იაგლანდმა მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საკონსტიტუციო კომისისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.  

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მართლმსაჯულების რეფორმაზე. ძალიან კარგია, რომ ის შესაბამისობაში მოვა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, რაც მსოფლიო მასშტაბითაა აღიარებული“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. 

იაგლანდმა ასევე აღნიშნა, რომ „განვიხილეთ ევროპის საბჭოს წვლილი ე.წ. ნდობის აღდგენის ზომებში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დადებითად აფასებს. ვფიქრობთ, როგორ გავაფართოვოთ ამ მხრივ მუშაობა და როგორ შევძლოთ მუდმივი მონიტორინგის განხორციელება“.

„ეს ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის საბჭოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – დასძინა მან.

 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button