ახალი ამბები

ოპოზიციური ჯგუფები „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გამო მთავრობაზე ზეწოლას აგრძელებენ

საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, რომ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით დადებული სატრანზიტო ხელშეკრულების თაობაზე პოლიტიკური დებატები საპარლამენტო უმრავლესობასთან 8 თებერვალს დაიგეგმოს, როდესაც პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. 

ენერგეტიკის სამინისტროში 23 იანვარს civil.ge-ს განუცხადეს, რომ „გაზპრომ–ექსპორტთან“ 2-წლიანი სატრანზიტო ხელშეკრულება, რომელიც ანაზღაურების ეტაპობრივ მონეტიზაციას გულისხმობს, უკვე გაფორმებულია საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად. საქართველოს გავლით სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოების მოტივით არ სახელდება. 

ხელშეკრულების ირგვლივ ამ და სხვა არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებმა – ევროპული საქართველო და ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში დაიბარეს, თუმცა მან ეს წინადადება უარყო.

„რადგან ხელისუფლება არ მოდის პარლამენტში, შესაბამისად უმრავლესობამ უნდა გასცეს პასუხები“, – განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

დეპუტატმა ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსიდან აღნიშნა, რომ კალაძის ან მთავრობის სხვა წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე ვერ ხედავს „დებატების აზრს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის“.  მან ასევე დასძინა, რომ მისმა საპარლამენტო ფრაქციამ მთავრობისგან ხელშეკრულება გამოითხოვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

იმავდროულად, 23 იანვარს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტი წარმოადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ შეთანხმება „მაღალი რისკის შემცველი და საზიანოა“, „საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“ და „სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და ინტერესებს“.

რეზოლუციის პროექტი მოითხოვს, რომ „დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი“ და „დადგეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი“.

ამ საკითხის კომენტირებისას ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ ხელშეკრულება შევაჩეროთ და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადის და ფაქტიურად გაზის გარეშე. ეს არის მათი მოთხოვნა რეალობაში თუ წავიკითხავთ“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

ორწლიანმა ხელშეკრულებამ, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს სომხეთში რუსული გაზის ნაწილობრივ კვლავ ნედლეულით ანაზღაურების ფორმის შენარჩუნებას, რაც 2018 წლიდან სრულად ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება, ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად კრიტიკული კითხვები გაუჩინა ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ჯგუფს. კალაძემ, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელი იყო ახალ სატრანზიტო შეთანხმებაზე,  „გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები“ ამ საკითხზე „დეზინფორმაციული ისტერიის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button