ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ფრაქცია შექმნა

ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილების შედეგად პარტიაში დარჩენილი 6 დეპუტატი პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის.

ფრაქციას სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატი რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება. ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები: ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი. 

ფრაქცია პარლამენტის ბიურომ ორშაბათის სხდომაზე ოფიციალურად დაარეგისტრირა.  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 23 იანვარს ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი ფრაქციის ფორმირებას და განაცხადა, რომ სამართლებრივი ბარიერები მოიხსნა ამ კუთხით მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა დოკუმენტები პარტიიდან იმ წევრების გასვლის შესახებ, რომელთაც ყოფილ თანაგუნდელებთან უთანხმოების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია: „ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი“.

პარტიიდან გამიჯნული დეპუტატები უმცირესობის სტატუსით ამჟამად ორ ფრაქციაში არიან, შესაბამისად, 14 და 6-წევრიან ჯგუფებად განაწილებული. ამ ფრაქციების დასახელებაში ადრე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, ახლა უკვე „ევროპული საქართველო“ ფიგურირებს.

ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში სულ 27 დეპუტატით შევიდა. ამჟამად კი, უმცირესობის შემადგენლობაში 21 დეპუტატი რჩება, მათ შორის რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც მისივე სურვილით არცერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული.

ნაციონალურ მოძრაობის ახალი 6-წევრიანი ფრაქცია კი პოლიტიკურ საქმიანობას უმცირესობის მიღმა გააგრძელებს.

ასეთივე სტატუსით საქმიანობს საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის 6-წევრიანი ფრაქციაც.

ქართული ოცნების 116-წევრიან უმრავლესობაში კი არსებული ხუთი ფრაქცია 23 იანვარს ექვსამდე გაიზარდა მას შემდეგ, პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები". 

ამ ახალ ფრაქციაში, რომელსაც სავარაუდოდ დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, ქართული ოცნების სიით პარლამენტში მეორე ვადით არჩეული მწვანეთა პარტიის ლიდერი უხელმძღვანელებს, ასევე შედიან დეპუტატები: ზაზა გაბუნია, ირაკლი აბუსერიძე,  გიორგი ბეგაძე, დიმიტრი მხეიძე და სამველ მანუკიანი.

 

მსგავსი/Related

Back to top button