ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს პრეზიდენტობას ულოცავენ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს  აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყება მიულოცეს.

„ვულოცავთ დონალდ ტრამპს ამ დიდი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ წარმატებას ამერიკისა და მსოფლიოს საცხოვრებლად უკეთეს ადგილად ჩამოყალიბებაში“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა თავის Twitter-ზე 20 იანვარს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მისალოცი წერილი ტრამპის სახელზე 21 იანვარს გაავრცელა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის შუქურა სხვა ქვეყნებისთვის და  მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.“ მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „გადამწყვეტ როლს“ შეასრულებს „უფრო დაცული, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში“.

„ამ განსაკუთრებულ მომენტში გამოვხატავ ჩემს ღრმა რწმენას, რომ თქვენი მმართველობით ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს მეტ ძლიერებას, განვითარებასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს მარგველაშვილი.
 
მისი განცხადებით, საქართველო ამერიკის „ძლიერ პარტნიორად“ რჩება და ორი ქვეყნის „ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია“. „ჩვენი ერები ერთობლივად ებრძოდნენ სხვადასხვა გამოწვევებს და მყარად იდგნენ საერთო კეთილდღეობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე“, – აცხადებს მარგველაშვილი.

„ჩვენ მადლიერნი ვართ და ძლიერ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში; ასევე თქვენს ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხებში“, – ნათქვამია მარგველაშვილის მისალოც გზავნილში.

მან პრეზიდენტი ტრამპი საქართველოში მოიწვია მისთვის „ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“.

 „მე მაქვს ძლიერი სურვილი და ველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების  მეგობრობა უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება მომავალში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

20 იანვარს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს ელჩი აშშ-ი დავით ბაქრაძე დაესწრო.

მსგავსი/Related

Back to top button