ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა

ნატოს სამხედრო კომიტეტმა თავდაცვის რეფორმის კუთხით საქართველოს პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.   

„საქართველოს შესახებ გამართულ შეხვედრაზე, გენშტაბის უფროსებმა განახლებული ინფორმაცია მიიღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მდგომარეობის, ასევე საქართველოში და მის გარშემო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გენერალმა პაველმა ასევე აღნიშნა, რომ გენშტაბის უფროსებმა ხაზი გაუსვეს „უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას“ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს თავიანთი „ერთგულება საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართ“.

„მათ ასევე შეაქეს საქართველო მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჩვენს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში [ავღანეთში]“, – განაცხადა პაველმა.

სამხედრო კომიტეტი წელიწადში სამჯერ იკრიბება გენშტაბის უფროსების დონეზე. ის ნატოს ოპერაციებს და მისიებს განიხილავს და ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს კონსენსუსის გზით სამხედრო რჩევებს აძლევს, თუ რომელია უკეთესი გზა ალიანსისთვის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მსგავსი/Related

Back to top button