skip to content
ახალი ამბები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავის ესპანელ კოლეგას მარიანო რახოის 18 იანვარს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, მარიანო რახოიმ შეხვედრისას ესპანეთის „მზარდი ინტერესი“ გამოხატა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მიმართ იმ ვითარებაში, როცა „ესპანეთის ეკონომიკა ახალი ბაზრების გახსნაზე“ მუშაობს. 

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ასევე მიმოიხილეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის იმ ფონზე, როცა „საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები მალე მოიხსნება პროცესის შედეგად, რომელსაც ესპანეთი დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს“, ესპანეთის პრემიერის ადმინისტრაციის თანახმად.

გიორგი კვირიკაშვილმა, მისი ადმინისტრაციის ცნობით,  თავის ესპანელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების „კიდევ უფრო გაღრმავებისთვის კარგი საფუძველი“ აღნიშნა.

„საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას“, – იტყობინება საქართველოს პრემიერის ადმინისტრაცია.

ტურიზმის ინდუსტრია იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფესთან ფილიპე VI-სთან 17 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განიხილა. კვირიკაშვილმა ესპანეთის მონარქი საქართველოში მოიწვია.

მოგვიანებით, ესპანეთის მეფე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ  მდივან ტალებ რიფაისთან ერთად, ასევე ესტუმრა საქართველოს საგამოფენო სივრცეს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა საქართველოში ტურიზმის მზარდ მონაცემებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამან გადააწყვეტინა საქართველოს ესპანეთში მისი ელჩი დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე. 

„ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და  აღნიშნა ამჟამინდელი გენერალური მდივნის ტალებ რიფაის „უდიდესი წვლილი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში“. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას და ორმხრივ პოლიტიკურ შეხვედრებთან ერთად, ასევე მართავს მოლაპარაკებებს მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებთან.

მსგავსი/Related

Back to top button