skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12–13 იანვარს სამუშაო ვიზიტით ლიტვას სტუმრობს, სადაც მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”, რომელსაც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯანელიძემ  ლიტვის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ასევე მიესალმა ვიქტორას პრანცკიეტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად „ახლო მომავალში“ ეწვევა საქართველოს. 

 „განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ლიტვის აქტიური მხარდამჭერი პოზიცია, რაც მკაფიოდ არის ასახული ლიტვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციებშიც“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. 

ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე სიტყვით გამოვა ზამთრის კონფერენციაზე, რომელშიც სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან ერთად ასევე მონაწილეობენ მისი ლატვიელი და ესტონელი კოლეგები. 

ჯანელიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი/Related

Back to top button