skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს რუსული ძალების მიერ აფხაზეთის სოფელ წებელდაში ისტორიული ძეგლების განადგურებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მკაცრად გმობს სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სეპარატისტულ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევას, როგორც „შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს“ და საერთაშორისო თანამეგობრობას „შესაბამისი რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გამოცემა „ეხო კავკაზა“ 6 იანვარს იტყობინებოდა, რომ სოფელ წებელდაში მესაზღვრეებისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით 3 იანვარს ბულდოზერით გაანადგურეს ეკლესიის შემორჩენილი ნანგრევები, რომელიც პოლონურ სასაფლაოსთან მე-19 საუკუნეში აშენდა და რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იყო შეტანილი. ამავე ცნობით, მართალია ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე მუშაობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, დანგრეული აღდგენას ვერ დაექვემდებარება. 

10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი „უკიდურეს აღშფოთებას“ გამოხატავს „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით“.

„სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს 19-ე საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.   

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ  შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”,  – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ანალოგიურ მოწოდებასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას "შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა". 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომლის თანახმადაც, "აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე".

მსგავსი/Related

Back to top button