ახალი ამბები

გვარამიას მიმართ ძალადობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ძალადობაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის ორდღიანი დაკავების შემდეგ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 9 იანვარს საღამოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

რატი გაჩეჩილაძე, რომელიც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის და წარსულში აქტიური პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილია და გვარამიაზე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი თავდასხმის აღიარების შემდეგ თავად გამოცხადდა პოლიციაში, სასამართლოს შენობა სირბილით დატოვა, სავარაუდოდ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისგან თავის არიდების მიზნით.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით, ვინაიდან რატი გ.  საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

„შესაბამისად,  გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება – გირაო , უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს ცნობით, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება.

ნიკა გვარამია, რომელმაც თავდასხმის შედეგად ქალა–ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილის დაზიანებები მიიღო, ორშაბათს სასამართლოს სხდომას არ დასწრებია, თუმცა თავის facebook-ის გვერდზე დაწერა: „ჩემთვის მნიშვნელოვანი ერთადერთია – ქმედების ადეკვატური კვალიფიკაცია და პროპორციული სასჯელი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობის შემთხვევებს ეხება და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. გვარამია წაყენებულ მუხლს „არაადეკვატურს“ უწოდებს, რადგან მისი თქმით, თავდასხმას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა. ამ მოსაზრებას ბრალდებულის დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  ინციდენტი პროვოცირებული იყო, რასაც თავის მხრივ გვარამია და შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მეგობრები კატეგორიულად უარყოფენ. 

მსგავსი/Related

Back to top button