skip to content
ახალი ამბები

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტი შეწყდა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დეველოპერულმა კომპანიამ და მისმა პარტნიორმა ქართულმა კომპანიამ „სილქ როუდ ჯგუფმა“ განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ  ბათუმში დაგეგმილი 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებას.

„[მხარეები] ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქალაქ ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე“, – ნათქვამია 6 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.  

„სილქ როუდ ჯგუფი“, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნია ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში, თავის მხრივ აღნიშნავს, რომ „მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას“, თუმცა გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას ბათუმში,  რომელიც „ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს“.

სილქ როუდ ჯგუფს „ტრამპის“ სახელი და სავაჭრო ნიშანი იმ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში უნდა გამოეყენებინა, რომელსაც მან Trump Organization-თან  2011 წლის მარტში ნიუ–იორკში მიაღწია საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით. დაახლოებით, ერთი წლის თავზე ბათუმში სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. ბათუმის პროექტის დაწყება 2012 წელსვე იგეგმებოდა და 2014 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, ის საბოლოოდ განუხორციელებელი დარჩა ტრამპის ბრენდის მეორე შესაძლო პროექტის მსგავსად, რომელიც თავდაპირველად თბილისში იგეგმებოდა

მსგავსი/Related

Back to top button