ახალი ამბები

ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში

ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელები ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი კლობუჩარი 1-2 იანვარს საქართველოს ესტუმრნენ და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს მოლაპარაკებები. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრამდე დელეგაციამ კვირას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი მოინახულა სოფელ ხურვალეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რუსული ძალების მიერ აღმართული მავთულხლართებით არის გაყოფილი.

„მოხარული ვართ, რომ დავრუნდით საქართველოში, რომელიც ძლიერი მეგობარი და მოკავშირეა. ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე დროა… კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა მაკკეინმა ხურვალეთში გამგზავრებამდე.

„გვჯერა, რომ პუტინმა განახორციელა კიბერშეტევა ჩვენს არჩევნებზე ამერიკაში, ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში. ახლა დროა ახალი სანქციების დაწესების, რათა ის სწორედ მას შეეხოს, როგორც პიროვნებას, მის ენერგო სექტორს, მის საბანკო სექტორს. დროა პასუხი გავცეთ პუტინს, მაგრამ ვიყოთ უკეთესი მეგობარი ჩვენი მოკავშირეებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის – მეტი დახმარება გავუწიოთ მათ“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სენატორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.  პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს "ძლიერი მხარდამჭერია" და საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია "გააგრძელოს მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან".  

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში – ახალი წელს საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ ურთულეს მომენტში. ეს ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპისკენ, ნატოსკენ და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ“, – მიმართა კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებს 1 იანვარს თბილისის ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას.

2 იანვარს ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდნენ, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს ესტუმრნენ. 

გიორგი მარგველაშვილმა, მისი ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება "მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას" აშშ-სგან.

„გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, ასეთი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო არის ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ძალიან ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან დავით ბაქრაძესთან, გიგა ბოკერიასთან და სერგი კაპანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სენატორმა მაკკეინმა, რომელიც კიევში სტუმრობის დროს ასევე შეხვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს აქტიურ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციით და მედიის თავისუფლებით, მაგრამ ასევე ერთგულნი ვართ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მიმართ, მხარს ვუჭერთ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მხარს ვუჭერთ წვრთნას და საქართველოს საბოლოო გაწევრიანებას ნატოში“.

დეპუტატმა ბოკერიამ "ასეთი მკაფიო ხედვის" სენატორების ვიზიტს "ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი" უწოდა იმ ვითარებაში, როცა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის "პოლიტიკა ჯერ არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი". 

ამერიკელი სენატორები საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ. საქართველომდე ისინი უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს სტუმრობდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button