skip to content
ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომლის ინიცირებაც მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში 26 დეკემბერს მოახდინა, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის „უალტერნატივო პრიორიტეტად“ აცხადებს და სხვა მიმართულებებთან ერთად, რუსეთთან „რაციონალური პოლიტიკის“ გაგრძელებაზეც მიუთითებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და „საფრთხეების მინიმიზაციის“ მიზნით.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდიაციით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – ნათქვამია რეზოლუციის 12-პუქტიან პროექტში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დოკუმენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განიხილავს, რის შემდეგაც განისაზღვრება, თუ როდის ეყრება მას კენჭი პლენარულ სხდომაზე.

„ამ დოკუმენტის მიზანია ქვეყნის საგარეო კურსის კიდევ ერთხელ დეკლარირება და დადასტურება ახალი მოწვევის პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ „მნიშვნელოვან განაცხადს“ პარლამენტში მხარდაჭერა ექნება.

საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ანალოგიური რეზოლუცია ქართული ოცნების მაშინდელი კოალიციური უმრავლესობისა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ურთიერთთანხმობით წინა მოწვევის პარლამენტმა 2013 წლის მარტში მიიღო.

თუმცა განსხვავებით წინა რეზოლუციისგან, ახალ პროექტში პირდაპირ არის მითითებული, რომ „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“. ასეთივე განაცხადი ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა გასულ კვირას თბილისში გამართული შეხვედრის ფარგლებშიც გააკეთა.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან „თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას“, გააღრმავებს „ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის ქვეყნებთან“ და განაგრძობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ „ასოცირების შეთანხმება არ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანი“ და ქვეყანა „განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ“.

ნატოსთან მიმართებაში, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს "მიზანმიმართულ მუშაობას", რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“ და ამ მიზნით გამოიყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს  – ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“. ამ უკანასკნელის ფარგლებში კი, პროექტის თანახმად, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება.

აშშ-სთან, როგორც „მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან“, პროექტის თანახმად, ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაღრმავდება, რომელსაც 2009 წელს მოეწერა ხელი.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო „სრულად გაიზიარებს მოვალეობებს“ ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის „განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას“.

რუსეთთან მიმართებაში პროექტში წერია: „საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეოპოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

ამასთან, საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას „ქმედითი და დაბალანსებული“ პოლიტიკით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას, გამოიყენებს ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობას და გააფართოებს მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს „აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ინიციატორები ასევე გამოყოფენ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცებას, მათი უფლებების დაცვასა და „სამშობლოში ღირსეული დაბრუნებისა და რეინტეგრაციის“ ხელშეწყობას.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩინდეს, როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონის ლიდერი დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით“ და ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება საგარეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების „აქტიური ჩართულობა“.

მსგავსი/Related

Back to top button