skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 დეკემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე  40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის მხარდასაჭერად.

თუმცა 20 დეკემბრის ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ბანკის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.7831 შეადგინა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც 4 თეთრზე ოდნავ მეტით გაუფასურებაა ერთი დღით ადრე არსებულ ლარის 2.7412–იან კურსთან შედარებით. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.81-2.82 ლარად იყიდება.

სამშაბათს დილით გავრცელებულ განცხადებაში ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დოლარის გლობალური გამყარებითა და თურქული ლირას გაუფასურებით და ასევე მოლოდინების ერთობლიობით არის განპირობებული, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ფუნდამენტური ფაქტორების მიუხედევად, „მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს“.

ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 12 ოქტომბრის შემდეგ, როცა ლარმა თითქმის ყოველდღიური გაუფასურება დაიწყო და დღემდე თავისი ღირებულების 19% დაკარგა, აღარ განუხორციელებია.

დღევანდელი ჩარევა კი წელს 24-ე ინტერვენცია იყო ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელმაც 2016 წლის დასაწყისიდან სულ 280 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.779 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 2.760 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან ნოემბერში, დაახლოებით, 2.479 მლრდ აშშ დოლარი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button