skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა თბილისში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში „საბოლოო მიზანს“ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს და თბილისს „შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის“, ნათქვამია ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.

კომიტეტის მესამე სხდომას, რომელიც  ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მისი განხორციელების პროცესის საპარლამენტო ზედამხედველობის მიზნით შექმნილი ერთობლივი ორგანოა, თბილისმა 19-20 დეკემბერს უმასპინძლა და მას საქართველოს მხრიდან ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა თანათავმჯდომარეობდა, ხოლო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან ბრიტანელი დეპუტატი საჯად ქარიმი.

„2016 წლის 1 ივლისს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს და რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

თანათავმჯდომარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ასოცირების შეთანხმების „ეფექტიანი განხორციელება“  და ასევე მიასალმნენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომას.   

თუმცა, როგორც ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ ხულორდავამ სამშაბათს ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება „არ არის ჩვენი ამბიციების მწვერვალი“ და „ის ბოლო გაჩერება“, სადაც საქართველოს სურს ყოფნა ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

„ჩვენ უფრო შორს მიმავალი გეგმები გვაქვს“, – განაცხადა მან.

თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით დეკემბერში მიღწეულ „წინსვლას“. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მიესალმა ევროკავშირის საბჭოს სახელით 20 დეკემბერს ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას და  იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა ევროპარლამენტში ინაცვლებს, მომავალი წლის დასაწყისში კენჭისყრით დასრულდება. 

„იმედია, ჩვენ მალე მივალთ იმ მომენტამდე, რომელიც გადამწყვეტი იქნება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ დიდი ხანია მზაობა გამოთქვა თავისი დეკლარირებული ევროპული მომავლისადმი. ჩვენ განვაგრძობთ ამაში ინვესტირებას“, – განაცხადა საჯად ქარიმმა 20 დეკემბერს თბილისში.

თანათავმჯდომარეებმა ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნეს საქართველოსა და ევროკავშირში „ანტი-დასავლური პროპაგანდის გაძლიერება“ და ხაზი გაუსვეს ამ პროპაგანდის საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა საქმიანობის სამომავლო მიმართულებად ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის განხორციელებაზე ზედამხედველობა განსაზღვრა, მათ შორის იმ მიმართულებებზე, რომლებიც სხვებთან ერთად მოიცავს: დემოკრატიული ინტიტუტების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, სისხლის სამართლის რეფორმას, მედიის მარეგულირებელი ორგანოებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებას, შრომითი ინსპექციის ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბებას, ხელისუფლების ყველა შტოში დაბალანსებული გენდერული წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება, მომდევნო შეხვედრას 15-16 თებერვალს სტრასბურგში გამართავს.

ევროპარლამენტის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

მსგავსი/Related

Back to top button