ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ორშაბათს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის მიმართ.

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აწარმოა, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი 3 900 რესპოდენტი გამოიკითხა. NDI-ის დაკვეთით ჩატარებული ამ კვლევის ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენს.

წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, 44%-დან 39%-მდეა შემცირებული იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – 2015 წლის აპრილში ამგვარად 37% აფასებდა ვითარებას; ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მათი ოდენობა ნოემბრის შემდეგ ორი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო აპრილიდან სამი პროცენტული პუნქტით შემცირებული 20%-მდე. ნოემბერში 31%-ს, აპრილში კი 34%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლებოდა, ბოლო კვლევაში კი ასე 36% ფიქრობს.

გამოკითხულთა 66% უარყოფითად აფასებს ქვეყანაში ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას და მხოლოდ 3% ფიქრობს დადებითად ამ საკითხზე; „საშუალოდ“ ამ ვითარებას 29% აფასებს. კრიტიკოსები ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს (53%), ახლანდელი მთავრობის შეცდომებს (81%) ან წინა მთავრობის შეცდომებს (59%) აბრალებენ.

გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა აცხადებს, რომ აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა შეეხო მის ოჯახს – 56% აცხადებს, რომ საჭირო საგნებზე უფრო მეტის დახარჯვა უწევს, 40% კი ამბობს, რომ საჭირო საგნებს ნაკლებად ყიდულობს, 4%-ის აზრით, ლარის კურსს საერთოდ არ მოუხდენია მის ოჯახზე გავლენა.

გამოკითხვის პერიოდში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.48-2.45 შორის მერყეობდა, რაც 41%-იანი გაუფასურება იყო 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როცა ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი 7%-ით გამყარდა დოლართან მიმართებაში, თუმცა 30%-ით გაუფასურებული რჩება 2014 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით.

10% „უკეთესად“ აფასებს მისი ოჯახის მდგომარეობას 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მაშინ, როცა იმ რესპოდენტების რიცხვი, ვინც გაუარესებას აღნიშნავს 42%-მდეა გაზრდილი შარშან აპრილში არსებული 34%-დან. 47%-ის აზრით, მისი მდგომარეობა იგივე დარჩა. 

48% ფიქრობს, რომ მომავალი ერთ წლის განმავლობაში მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა „იგივე დარჩება“, 20%-ს გაუმჯობესების იმედი აქვს, 17% პესიმისტურად არის განწყობილი, ხოლო 16%-ს პროგნოზის გაკეთება უჭირს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით შვიდი თვით ადრე.

„ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა“ ერთადერთია იმ სფეროთა ჩამონათვალში, რომელზეც უმრავლესობა (51%) ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ გაუმჯობესდა.

სამუშაო ადგილები (57%), ფასების ზრდა (35%), სიღარიბე (30%) და პენსიები (26%) ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის დასახელდა. ამ სიაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა 23%-ით მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. 

საგარეო ურთიერთობები

ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის შეთავაზებისას, ევროკავშირის მხარდაჭერა ნოემბერში არსებული 58%-დან 61%-მდე არის გაზრდილი მარტში. რუსეთის ლიდერობით შექმნილი ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ კი 20% აკეთებს არჩევანს, რაც ნოემბერში არსებულ 24%-თან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

რესპოდენტთა 77% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც აგვისტოს ანალოგიური კვლევის შემდეგ,  16 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.

84% მხარს უჭერს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივას და 72% ფიქრობს, რომ ეს მას სარგებელს მოუტანს.

გამოკითხულთა 68% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ნატოს წევრი, რაც სტატისტიკურად უცვლელი მაჩვენებელია წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით.

კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რესპოდენტების 52% პასუხობს: „პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან“, ხოლო 14%- ის პასუხია: „პროდასავლური“.

ამავე კითხვას 16% ასე პასუხობს: „პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან“, ხოლო 5% პირდაპირ პასუხობს: „პრორუსული“.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, 47% რუსეთს ასახელებს; 8% – ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“; 7% – აშშ-ის; 5% – თურქეთს; 2%- ნატოს, ხოლო 27% ამბობს, რომ არ იცის.

ამ კვლევის მეორე ნაწილის გამოქვეყნებას, რომელიც პარტიულ რეიტინგებს მოიცავს, NDI-ი ოთხშაბათისთვის გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button