Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე აირჩია

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრებად მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი აირჩია, რომელთა კანდიდატურებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეთავაზებით პარლამენტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაისის დასაწყისში წარუდგინა.

მზია თოდუა 2006 წლიდან მუშაობდა „ქართუ ჯგუფში“, ასევე იყო „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დღემდე ამავე ბანკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანმდებობა ეკავა. მას მოსამართლედ მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს დაწყებული 1985 წლიდან, როცა ხონის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა და მოგვიანებით ამავე სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო 1998 წლიდან საქმიანობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაგრძო; ის ასევე ხელმძღვანელობდა მოსამართლეთა ასოციაციას.

10 წლის ვადით უზენაესი სასამართლოს წევრად არჩეული მეორე მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი 1999-2006 წლებში უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი იყო მას შემდეგ, რაც მანამდე ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა; 2006 წლიდან ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო მარტიდან დღემდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის კონსულტანტად მუშაობს.

მსგავსი/Related

Back to top button