ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ირანს სტუმრობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 18 მაისს თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს და ნავთობის მინისტრს, ბიჟან ზანგენეს შეხვდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, მინისტრმა ზარიფმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ურთიერთობებს“ და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ორივე ქვეყანას აქვს თანამშრომლობის გაცილებით დიდი პოტენციალი“.

კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე ვიცე–პრემიერია, განაცხადა, რომ  ორივე შეხვედრის დროს გამოიხატა „დიდი ენთუზიაზმი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“. მისი თქმით, „საქართველო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს ირანის მხარესთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება“.

თეირანში ვიზიტის დროს კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ირანის ვიცე–პრეზიდენტს, ეშაკ ჯაჰანგირის.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომაში, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოსა და ირანს შორის პირველად ტარდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button