ახალი ამბები

მარგველაშვილმა უკრაინაში ღირსების მარშში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვირას ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, სადაც ღირსების მარშში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაიდნის მოვლენების წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტს თან ახლდა საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფი, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე; ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ზურაბ აბაშიძე "თავისუფალი დემოკრატებიდან".

„დღეს უკრაინას უჭირს და ბუნებრივია ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს მათ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი არჩევანის დაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში 20 თებერვალს.

როდესაც მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საქართველოს მიერ სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ჰკითხეს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ეს „უხერხულ“ სიტუაციას ქმნის, მაგრამ ეს არ უქმნის რაიმე საფრთხეს ორ ქვეყანას შორის ახლო  ურთიერთობებს.

„პირველ რიგში, პატივს ვცემ ქართულ სასამართლოს, რადგან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რიგი ადამიანებისა დღეს არიან ძებნაში. თუმცა მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტს და კომენტარს არ ვაკეთებ უკრაინის შიდა საქმეებზე  და უკრაინაში დანიშვნებზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

„მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენიუკს მიღმაა ქართულ–უკრაინული ძმობა და ურთიერთობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ამ უხერხულობებს ისე უნდა მოვემსახუროთ, რომ ეს არ იყოს მძაფრი უხერხულობები. რა თქმა უნდა, უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება და ამის დასადასტურებლად მივდივართ [უკრაინაში]“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

ვიზიტის დროს მარგველაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას, პეტრო პოროშენკოს შეხვდა, რომელმაც მარგველაშვილს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოხარული ვართ, რომ დღეს კიევში გხედავთ. დღეს კიევში ბევრი ქართული დროშაა ღირსების რევოლუციის საპატივსაცემოდ გამართული ამ სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა პოროშენკომ.

„მოხარული ვართ, როდესაც ერთიან უკრაინას ვხედავთ. და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყველა მისი მეგობარია გაერთიანებული იმ ღირებულებების დასაცავად, რომელთაც თქვენ იცავთ. დღეს ყველა ქართველი უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა მარგველაშვილმა და თავისი უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კიევში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე შეხვდა ლატვიის პრემიერ–მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას, რომელთანაც რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და მაისის ბოლოს რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმსჯელა. მარგველაშვილის  ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტმა „ახალი იმპულსი“ მისცეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.  
  

მსგავსი/Related

Back to top button