ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და ქართული ოცნება დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებს მინისტრის პოსტს და ასევე კოალიცია ქართულ ოცნებას.

მან ასევე განაცხადა, რომ თანამდებობებს ტოვებს ასევე მისი ოთხივე მოადგილე დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მსგავსად, რომელიც ფანჯიკიძის დის მეუღლეა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმაც მისი გადაწყვეტილების მიზეზად ის საფრთხე დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ემუქრება.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ორი წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ჩვენ მტკიცედ ვიდექით ევროპული და ევრო-ატლანტიკური  კურსის დასაცავად, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, შევქმენით ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები  – ხელი მოაწერა და ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის არსებითი პაკეტის შემუშავების თაობაზე, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ არ აღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთ აღიარებათა რიცხვი, გაიზარდა გაეროში რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა, მნიშვნელოვანი პროგრესია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის  ფარგლებში, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში და უმთავრესი, ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად გავაქარწყლეთ ის სკეპტიციზმი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორ სახელმწიფოებში, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკავშირდებოდა ჩვენი კურსის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ  "არ ეგონა“, თუ ანგარიშის წარდგენა ასეთ ვითარებაში მოუხდებოდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ“, – განაგრძო მან, „ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ის, რასაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 2012 წლის არჩევნებზე. და ჩემს გუნდს, იმ ადამინებს, რომლებსაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირ შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას“.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი  მომლაპარაკებელი იყო ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბერუჩაშვილი და გურგენიძე, განაცხადა, რომ ის უბრუნდება ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს. გადადგომასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ „გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში, მე არ მაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოვიქცე“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ფანჯიკიძის და ალექსი პეტრიაშვილის გადაწყვეტილებები, რომელმაც ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების  შემდეგ ასევე დატოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„თუმცა მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ქალბატონმა მაიამ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ. თუმცა რა ვქნათ, ეს არის მათი არჩევანი, მათი უფლება და ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრის მინდია ჯანელიძის წარდგენის დროს.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურებს „უახლოეს დღეებში“ წარადგენს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსი არის „უცვლელი და შეუქცევადი“.

"ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს, მითუმეტეს სასაცილო და გულუბრყვილო განცხადებები, რა თქმა უნდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ეს არის ჩვენი მტკიცე არჩევანი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის – ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button