
ევროკომისარი ფულე საქართველოს სტუმრობს
ევროკავშირი „მთელ რიგ ღონისძიებებს“ განიხილავს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს არჩევანს ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევანი ზეწოლის ქვეშ მოექცევა, განაცხადა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ 4 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.
ფულემ, რომელიც 4 მარტს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან მართავს შეხვედრებს, განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, „ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის საქციელი აქ, საქართველოში ასევე წარმოადგენს სერიოზული შეშფოთების საგანს“.
„რუსეთი კვლავ უქმნის პრობლემებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის ბარიერების და სამხედრო მოწყობილობების მშენებლობით, რაც აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას იმ ხალხებს შორის, რომელთაც ახლო ურთიერთობები ჰქონდათ“, – განაცხადა მან.
„ჩვენ ამაზე არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმ დროს, როდესაც ჩვენი ყურადღება დასავლეთით არსებულ მოვლენებზეა კონცენტრირებული. ამ შემთხვევაშიც რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და პატივი სცეს მისი მეზობლის, საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ევროკავშირის „ისედაც უნიკალურ ურთიერთობას“ საქართველოსთან.
ფულემ განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს „რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება აუცილებელია“.
„ჩვენ ველით, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს თავისი ერთგულების დემონსტრირებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების, პლურალიზმის და არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულების ის მიმართ“, – განაცხადა მან.
„წინ არსებული ამოცანები და გამოწვევები ადვილი არ არის“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვიცით იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც უკრაინაზე განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის სურვილის გამო. ჩვენ ვიცით, რომ ეს ზეწოლა სხვაგანაც არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ევროკავშირი მტკიცედ დადგება საქართველოს გვერდით იმ შემთხვევაში, თუ მასზეც რაიმე ტიპის ზეწოლა განხორციელდება“.
შემდეგ მან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან, ილია მეორესთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა: “ მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძირი გამოვუთხაროთ საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებს, რადგანაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა“.
თავის საშობაო ეპისტოლეში, რომელიც ძირითადად იმ ნაწილის გამო გააკრიტიკეს, სადაც სუროგაციის და ხელოვნური განაყოფიერების გზით შობადობის მეთოდზე ეკლესიის უარყოფითი პოზიცია იყო გამოთქმული, პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველო „ქრისტიანული ევროპის ნაწილია“, მაგრამ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს „ტრადიცია და აზროვნების წესი“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროკომისარმა ფულემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე კიდევ უფრო ინტენსიური ურთიერთკავშირის საჭიროებას, რაც ასევე მოიცავს ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტს საქართველოში.
„დროის ეს ნაწილი [შეთანხმების ხელმოწერამდე] უნდა შეივსოს გულმოდგინე მუშაობით ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მითის მოგვარებაზე… და ამავე დროს, ამ შეთანხმების განხორციელების მომზადებაზე, რადგანაც ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ [ასოცირების შესახებ შეთანხმების] რაც შეიძლება სწრაფ გამოყენებაში მისი ხელმოწერის შემდეგ“, – განაცხადა ფულემ.
„ჩვენ ასევე საკმაოდ ღიად ვმსჯელობთ მთელ რიგ ღონისძიებებზე, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენულ უფლებას ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევანი რომელიმე მესამე ქვეყნიდან ზეწოლის საგანი გახდება“, – დასძინა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველო, საკუთარი გამოცდილების და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ელის რუსეთიდან ზეწოლის გაძლიერებას.
გაიხსენა რა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფულეს სიტყვები, როცა მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის მნიშვნელობას, ფანჯიკიძემ განაცხადა: „იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა სრულფასოვნად აისახება ჩვენს ურთიერთობებში“.
„ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორების რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის განცხადებებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ევროკომისართან შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რამდენადაც მოგვეცა საშუალება განგვეხილა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ნაბიჯები. როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს მზაობა რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ორივე მხარე ვმუშაობთ ინტენსიურად ყველა საჭირო პროცედურის დასრულების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)