skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი და სარგსიანი მიესალმნენ ორი ქვეყანის „ძმურ“ ურთიერთობებს

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარგსიანი 27 თებერვალს ერევანში გამართული შეხვედრის ფარგლებში მიესალმნენ იმ „ძმურ ურთიერთობებს“, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება.

„თბილი მეგობრული ურთიერთობები, რომელიც სომეხ და ქართველ ხალხებს შორის არსებობს, წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გარანტიას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზას. სომხურ-ქართული პარტნიორობის თანმიმდევრული განმტკიცება წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების დღის წესრიგის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს“, – განაცხადა სარგსიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან თავის ქართველ კოლეგასთან პირისპირ და ასევე გაფართოებული შემადგელობით გამართულ მოლაპარაკებებს „საქმიანი და შედეგიანი“ უწოდა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას საქართველოსთან მკაფიო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს  ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ სფეროებში და ამ ურთიერთობებს არასოდეს არ უნდა შეუშალოს ხელი იმ ეკონომიკური განვითარების განსხვავებულმა მიმართულებებმა, რომლებიც ერევანმა და თბილისმა აირჩიეს.

„კერძოდ, სომხეთის გადაწყვეტილება საბაჟო კავშირში გაერთიანებისა და საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ჩვენი რწმენით, ხელს არ შეუშლის ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. პირიქით, ეს გადაწყვეტილებები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ბიზნესებს", – განაცხადა სარგსიანმა და ამის მაგალითად  სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა მოიყვანა, რომლის პირველი შეხვედრაც 21 მარტისთვის იგეგმება ერევანში.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პოლიტიკური, უფრო სწორად, ეკონომიკური ვექტორი და საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება სხვადასხვა მიმართულებებით ხორციელდება, ჩვენ გვაქვს სრულიად ერთნაირი ხედვა ჩვენი ურთიერთობების თვალსაზრისით და ცვლილება იქნება მხოლოდ პოზიტიური და გაღრმავება იმ ურთიერთობების, იმ ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურული ურთიერთობების, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს“, – განაცხადა მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებთან ერთად ორ ქვეყანას ასევე აკავშირებს „ძალიან პოზიტიური და მზარდი ურთიერთობები ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის და სხვა მიმართულებით“.

პრეზიდენტ სარგსიანმა დაკონკრეტების გარეშე ასევე განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას  განიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც „უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის“.

„საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საერთო აზრის ვიყავით იმაზე, რომ ყველა კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა სარგსიანმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომეხი და ქართველი ხალხების „სიმდიდრეს“ წარმოადგენს მათ შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ღირებულებები, რომელთა „მოფრთხილება, შენარჩუნება და განმტკიცება“ აუცილებელია. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა ის „განსაკუთრებული როლი“, რომელსაც საქართველოს მოქალაქე სომეხი წარმოშობის ადამიანები ასრულებენ „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და თუნდაც პოლიტიკურ განვითარებაში“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის სომეხ კოლეგას „ძალიან თბილი დახვედრისთვის“ მადლობა გადაუხადა და საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.   

„არსებობს ერთიანი ხედვა ყველა საკითხისა და სრული მზადყოფნა გვაქვს ყველა დეტალების მოგვარება სწორედ ამ კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობების კონტექსტში, უსწრაფეს მომავალში განვახორცელოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

27-28 თებერვალს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა  პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანს, ხოლო მეორე დღეს სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორესთან გამართა შეხვედრა.

სომხეთში სტუმრობით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაასრულა უახლოეს სამეზობლოში მისი პირველი ვიზიტები; თებერვლის პირველ ნახევარში ის აზერბაიჯანში, ხოლო იანვარში თურქეთში იმყოფებოდა.

„ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენი სამივე მეზობელი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მხოლოდ გაღრმავებაზე ფიქრობს. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ასეთივე დამოკიდებულება არის საქართველოს მხრიდან – ჩვენ მხოლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე და სტაბილურ მომავალზე ვართ ორიენტირებული“, – განაცხადა მარგველაშვილმა 27 თებერვალს ერევანში პრესკონფერენციაზე საუბრისას და დასძინა: „კეთილმეზობლობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია“.

„იმედი მაქვს, რომ უაღრესად პრობლემური საკითხების მოგვარების ფონზე, ეს პრიორიტეტი გავრცელდება ჩვენს სხვა მეზობლებზეც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button