
ანქვაბმა და თიბილოვმა სოჭში შეხვედრა გამართეს
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, ალექსანდრე ანქვაბმა და ლეონიდ თიბილოვმა, მათი პრესსამსახურების ინფორმაციით, სოჭში შეხვედრა გამართეს.
„ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ თიბილოვი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა 8 თებერვალს გავრცელებულ მოკლე წერილობით განცხადებაში, „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.
თიბილოვის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სოჭში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ასევე შეხვდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ სლუცკის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 7 თებერვალს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაგირების აუცილებლობა არ არის, რადგან ანქვაბი და თიბილოვი სოჭში ოფიციალური მიწვევით არ იმყოფებიან.
„ოფიციალურ რეაგირებას ვერ მოვახდენთ. ოფიციალურად მიწვეულები არ ყოფილან არც ოლიმპიური კომიტეტის მიერ, არც რუსეთის ფედერაციის მიერ. შესაბამისად მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ვერაინაირი რეაგირების აუცილებლობას", – განაცხადა ფანჯიკიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)