ახალი ამბები

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ეუთოს მისიის აღსადგენად ‘მოქნილობა და შემოქმედებითობაა’ საჭირო

შვეიცარიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, განაცხადა, რომ ის მზად არის საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენაზე იმუშაოს.

ეუთოს შვეიცარიული თავმჯდომარეობა „მზად არის საქართველოში ეუთოს მისიის არსებობაზე დისკუსიები განაახლოს იმ პირობით, თუ დაინტერესებული მხარეები მოქნილობას და შემოქმედებითობას გამოიჩენენ ეუთოს მისიის ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე ბურკჰალტერმა 16 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრისას.

ეუთომ საქართველოში მისია 2009 წლის ივნისში დახურა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსს ვერ მიაღწია. მაშინ რუსეთმა  ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ინიციატივა უარყო, რომელიც  „ნეიტრალური სტატუსის ფორმულას” ეფუძნებოდა და რომელშიც არ იყო ნახსენები არც საქართველო და არც მისი სეპარატისტული რეგიონები.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც შუამავლის როლს ასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები „უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც უნდა გაძლიერდეს, რათა კონფლიქტის მოგვარებას ჩაეყაროს საფუძველი“.

„მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ნეიტრალური სტატუსის მქონე გადაწყვეტები ეძებონ კონფლიქტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებთან მიმართებაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ბურკჰალტერმა.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრესი ერთ ღამეში ვერ მიიღწევა და კონფლიქტების „მოგვარებაც არ იქნება შესაძლებელი, თუ მხარეები ამის მზადყოფნას არ გამოხატავენ“.

„თუმცა, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უბრალოდ დალოდება, თუ რა მოხდება, არ არის შესაფერისი ვარიანტი. თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, რათა წინ წავიწიოთ, ნაბიჯ–ნაბიჯ“, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ეტაპობრივ „მზარდ პროგრესზე“ გაამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი ამბიციაა, რომ გავაძლიეროთ პოზიტიური დინამიკა ეუთოში, რაც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს თანდათან გაზარდონ თავიანთი უსაფრთხოების დონე და თავიანთი ურთიერთგაგება“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button