skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციას ქუცნაშვილის ნაცვლად ვოლსკი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ვოლსკი მის კოლეგას ზაქარია ქუცნაშვილს შეცვლის.

ამ და სხვა საკადრო გადანაცვლებებზე გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ფრაქციის წარმომადგენელთა შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც 16 ნოემბერს პრემიერის და პარტიის ლიდერის რანგში გამართული ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა იყო ქართული ოცნების დეპუტაციასთან.

კითხვაზე თუ რამ განაპირობა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის შეცვლა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა: „ბატონმა ბიძინამ ჩათვალა, რომ მასზე უკეთესად გია ვოლსკი უხელმძღვანელებდა ფრაქციას“.

მან ასევე დაამატა, რომ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი, როცა საკადრო გადაადგილებები იმის მიხედვით ხდება, თუ ვინ როგორ გამოიჩენს თავს. სესიაშვილის ინფორმაციით ქუცნაშვილი, რომელიც იმავდროულად საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, ქართული ოცნების ფრაქციაში დარჩება.

„არის შიდა საკითხები, სადაც მე და ზაქრო ისევ ერთად დავრჩებით“, – განუცხადა დეპუტატმა ვოლსკიმ ჟურნალისტებს, „ჩვენ გუნდის წევრები ვართ, ხან თანამდებობა შეიცვლება, ხან პოზიცია შეიცვლება, ხან აქცენტები და პრიორიტეტები შეიცვლება. ასე რომ, ერთიანობაა“.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც გიორგი ვოლსკის უკავია, ქართული ოცნების დეპუტატის, მსახიობ პაატა ბარათაშვილის კანდიდატურა განიხილება.

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება უკავშირდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარეც ირინა იმერლიშვილი ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმერლიშვილის შემცვლელად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების ფრაქციის წევრის გიორგი კახიანის კანდიდატურა განიხილება. პროფესიით იურისტი, კახიანი პარლამენტის წევრი სამტრედიის მაჟორიტარული ოლქიდან აპრილში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად გახდა.

ივანიშვილთან შეხვედრაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება და სადაც მოსალოდნელია, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ოფიციალურად დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button