skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, მას მაღალი აქტივობის მოლოდინი აქვს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ „საქართველოს მომავლის სასარგებლო“ არჩევანი გააკეთა.

ივანიშვილმა, რომელიც ისე გახდა პრემიერ-მინისტრი, რომ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე არც თავად მიუცია ხმა და არც კანდიდატად უყრია კენჭი, დღეს ხმა ოჯახთან ერთად, როგორც საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ თავად განაცხადა, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მისცა. 

„დღეს ვამტკიცებთ იმას, რომ ჩვენ ვართ იდეურად ევროპელები და ხარისხობრივად განსხვავებულ სიტუაციაშიც მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა „დიდი მობილიზაცია“ შენარჩუნდება  და „საღამომდე არავინ არ დარჩება სახლში, რომ არ მისცეს ხმა“.

„ყველაზე დიდი მოლოდინი მაქვს ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას. პირველი ეს, რომ ნებას გამოხატავენ, მეორე  ის, რომ… მე მგონია, რომ ყველა ღირსეულად გააკეთებს არჩევანს საკუთარი ოჯახისათვის, საკუთარი პიროვნებისათვის პირველ რიგში და საკუთარი ქვეყნის მომავლისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთავარი ცვლილება არის  ის, რომ არჩევნები თავისუფლად ტარდება.

„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ დღეს არჩევნებს. გაიხსენეთ წინა არჩევნები, ხარისხობრივად მე აღარ გავიხსენებ ცუდებს, დღეს კარგზე ვისაუბროთ მხოლოდ, აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია დღეს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი, რომ ადამიანებს დავუბრუნეთ არჩევნების უფლება, ადამიანებს დავუბრუნეთ საკუთარი ხმის მიცემის უფლება. ესაა მთავარი, რომ ადამიანებმა იგრძნეს თავისუფლება, რომ არავინ არავის არაფერს არ აძალებს, არავინ ზედმეტ არავის არ კარნახობს, არავინ არავიზე არ ძალადობს, მიდიან და საკუთარ ნებას გამოხატავენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს უახლოეს ისტორიაში საქართველოში პრაქტიკულად პირველად ხდება“, როდესაც ხელისუფლება არც კი ცდილობს თავისი გავლენის გამოყენებას.

„საქართველოში მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა, არიან თავისუფლები. ყველაზე ღრმა თავისუფლებას და დიდ თავისუფლებას სჭირდება აუცილებლად ეკონომიკური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაღრმავდეს მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა უახლოესი 20 წელიწადში იქნება ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ასევე გაუსვა იმ ფაქტორს ხაზი, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის იმ „დიდი მონაპოვარის“ დემონსტრირება, რომ   „ყოველგვარი წნეხის გარეშე შეიძლება ხმის მიცემა“.      

„საქართველოში დღეიდან მკვიდრდება თავისუფალი არჩევანის პრაქტიკა და საქართველოში დღეიდან მკვიდრდება პრეზიდენტების მშვიდობიანი, საარჩევნო გზით შეცვლის პრაქტიკა და მე დარწმუნებული ვარ, დღეიდან საქართველოს აღარასოდეს ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები, ეყოლება პრეზიდენტები, რომლებითაც ქვეყანა იამაყებს და რომელიც თავისი ქვეყნით იამაყებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა  გიორგი მარგველაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა, რომ „ხალხის ნებით გადაწყდება ის, თუ ვინ უნდა ემსახუროს ჩვენს ქვეყანას“.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ხდება უპრეცედენტოდ მშვიდი, ევროპული სტანდარტის არჩევნების გაფორმება საბოლოოდ; მოხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მოხდება იმ კურსის კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე თავის ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად გამოცხადდა ხმის მისაცემად.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. 

„მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთ ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს და იმედი მაქვს, რომ დღევანდელ დღეს ყველა ერთად გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც გამარჯვებული პირველ რიგში იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ხმის მიცემის შემდეგ ხელისუფლებას არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„ჩემი მოლოდინი არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, თავისუფლად და დემოკრატიულად  – ეს არის მთავარი მოლოდნი; ასეთ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ შედეგებში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის წინ, „იმედია ამის გაკეთებას ხელისუფლება შეძლებს. წინასაარჩევნო პერიოდი ნამდვილად იყო განუზომლად უფრო უკეთესი, ვიდრე სხვა პერიოდებში. იმედია ახლაც შეძლებენ თავის შეკავებას და ხელი არ წაუცდებათ გაყალბებისკენ“.  

არჩევნებში მონაწილეობა ასევე მიიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა: ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა და ხალხის პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button