ახალი ამბები

შსს-ში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

110 კომპაქტური დისკი (CD), რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის, უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა, 5 სექტემბერს განადგურდა.   

კომპაქტური დისკები შრედერის აპარატის საშუალებით განადგურდა მედიის და იმ კომისიის წევრების თანდასწრებით, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების არქივის განადგურების მონიტორინგის მიზნით შეიქმნა.

5 სექტემბერს განადგურებული არქივი მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ძირითადად სექსუალური ხასიათის ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც უმეტესად მოპოვებული იქნა სასტუმროების ნომრებსა და სხვა ადგილებში 2007 წლიდან 2012 წლის ივლისის პერიოდში და რომელთა სავარაუდო მიზანიც შესაძლო შანტაჟისთვის მათი გამოყენება იყო, როგორც ამის თაობაზე კომისიის წევრები აცხადებენ.  კომისიის ზოგიერთი წევრის თანახმად, ჩანაწერებში ფიგურანტები არიან პოლიტიკოსები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები და მაშინდელი ოპოზიციონერები, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩანაწერების განადგურების პროცესი საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართა.     

პროცესზე ზედამხედველობა განახორციელა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი; მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი; საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური; გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი.

ფარული ჩანაწერების განადგურებამდე, მთავრობის 2 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი; შსს–ს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თაბუნიძე, მისი მოადგილე კობა კობიძე და იმავე დეპარტამენტის თანამშრომელი დავით გაბეხაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 სექტემბერს სამუშაო ჯგუფმა არსებული 110 დისკიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოარჩია 3 დისკი. ადგილზევე მოხდა მათი დამუშავება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები გაეცნენ ამ დისკებზე არსებულ ჩანაწერებს. შსს–ს თქმით, ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, რის შემდეგაც შედგა შესაბამისი ოქმი, ხოლო ნანახი სამივე დისკი განადგურდა. „დანარჩენი დისკები ისევ მოთავსდა კონტეინერში, დაილუქა და გამზადდა საჯარო განადგურებისათვის“, – განაცხადა შსს–მ.

5 სექტემბერს განადგურებული ჩანაწერები 26 000 ფაილისგან შემდგარი ფართო არქივის ნაწილი იყო. კომისიის წევრთა განცხადებით, დარჩენილი ფაილები მოიცავს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შეხვედრების და საუბრების ფარულ ჩანაწერებს, ასევე დაკავებულთა წამების ამსახველ ვიდეოებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მასალების უკანონოდ მოპოვება. ამიტომ, როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ამ მრავალწლიანი, ძალიან ნეგატიური გამოცდილების მკაცრი შეფასება კომისიის მხრიდან და ზოგადად მთავრობის მხრიდან“.  „ამის შემდეგ, ბუნებრივია, საჭირო იქნება გამოძიების დაწყება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა ინახავდნენ იმ ჩანაწერების ასლებს, რომლებიც 5 სექტემბერს განადგურდა. მისი თქმით, მთავრობა აპირებს ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისთვის.

ივლისის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის აქტი, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს ნებაყოფლობით ჩააბარებენ უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს. უკანონოდ მოპოვებული მასალების ნებაყოფლობით ჩაბარების ვადად განისაზღვრა კანონის ამოქმედებიდან 3 თვე. ამნისტიის შესახებ კანონი 20 აგვისტოს ამოქმედდა.

კომისიის ერთი წევრი, კახი კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგი იყო, რადგან მისი თქმით, ეს ზიანს მოუტანს გამოძიებას ან შესაძლო სამართლებრივ დევნას იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ამ ფარული ჩანაწერების შეგროვების უკან იდგნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button