skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყების განცხადება სირიაში მიმდინარე მოვლენებზე

გმობს რა ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში და ქიმიური იარაღის გამოყენებას, საქართველო  მხარს უჭერს, რომ „რეჟიმმა“, რომელმაც ეს „დანაშაული“ ჩაიდინა, პასუხი აგოს, განაცხადა 30 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

„საქართველო გმობს სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომელსაც ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ძალადობის კულმინაცია იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას", – განაცხადა მან.

„სირიაში მიმდინარე კრიზისის განმავლობაში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებსა და ინიციატივებს, მათ შორის გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი [სპეციალური] წარმომადგენლის მისიას და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებდნენ სირიაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური ტრანზიციისკენ", – განაცხადა მან.

„საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის საქმეში და რეჟიმმა, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი აგოს ამ ფუნდამენტური საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმის დარღვევისთვის", – განაცხადა ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების მონაცემებით, დაახლოებით 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფება ამჟამად სირიაში, რომელთა ქვეყნიდან უსაფრთხო გამოყვანისთვის საჭირო ღონისძიებები ტარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button