ახალი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

29 ივლისს პარლამენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო 92 ხმით დაძლია ნორმატიული აქტების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს.

შესაბამისად, ძალაში დარჩა 28 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს ნორმა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილებას ანიჭებს საბჭოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებს ხელი მოაწეროს აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნამდე.

პრეზიდენტი ამ ნორმას იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდა, რომ მისი შენიშვნების თანახმად, ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეუსაბამო იყო და მისი მიღება მოტივირებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის მმართველ ორგანოებში შექმნილი „პოლიტიკური კრიზისით“. 

ამჟამად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრია, რომელსაც სააკაშვილი „ოკუპანტ ძალასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

აპრილში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას გადადგომის შემდეგ, მის ადგილს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ვახტანგ ყოლბაია იკავებს.

ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეფერხებულია, რადგან მის მიერ მიღებულ აქტებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხელს ვერ აწერს და შესაბამისად, მათი ამოქმედება ვერ ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button