skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ჩაატაროს პარტიული პრაიმერი, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისთვის  პრეზიდენტობის იმ კანდიდატს გამოავლენს, ვინც „საზოგადოებისთვის ღია და გასაგები გზით მოიპოვებს მხარდაჭერას“.

ეს გადაწყვეტილება დღეს საგანგებო ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარტიის ოფისში გაიმართა კონსულტაციები პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობით.

თუმცა ბაქრაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა პრაიმერში მონაწილე კონკრეტული კანდიდატების დასახელებისგან, რომელთა ვინაობაც, დაახლოებით, ერთ კვირაში მას შემდეგ, გახდება ცნობილი, რაც მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდებიან.

პრაიმერის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს, რამდენიმე რეგიონული კონფერენცია ჩატარდება, რომლებიც კანდიდატებს შორის თემატური დებატების ფორმატში ჩაივლის და რის შემდეგადაც შედგება კენჭისყრა, რომელიც გამარჯვებულ კანდიდატს გამოავლენს, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით ხმის მიცემის გზით.

„ჩვენი სურვილია, რომ ქართულ პოლიტიკაში დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, სტანდარტი იმის, რომ პარტიული კანდიდატი აირჩევა არა ერთი ადამიანის სურვილის მიხედვით, როგოც ეს ხდება ზოგიერთი ჩვენი კონკურენტი პარტიის შემთხვევაში, არამედ აირჩევა ღია და გამჭირვალე პროცესის შედეგად“, – განაცხადა ბაქრაძემ.

თავდაპირველად პრაიმერის ჩატარების გეგმაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ თვეში პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააკავეს, პრაიმერის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„სწორედ იმის გამო, რომ გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევას, არ ნიშნავს პარტიის ერთიანობის და მისი მორალის გატეხვას, როგორც ამის სურვილი და განზრახვა ჰქონდა ხელისუფლებას, სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ შევცვალოთ საწყისი გეგმა და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება მოხდეს პარტიული პრაიმერის გზით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ქართული ოცნების მმართველი კოალიცია, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მაისში დაასახელა, აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს.

მარგველაშვილმა 17 ივნისს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის თვალყურს არ ადევნებს პრაიმერს. „მაჩვენეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას თვლის კონკურენტად საპრეზიდენტო არა, საერთოდ ქართულ პოლიტიკაში ვინმესთან კონკურენტად“, – განაცხადა მან.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის თარიღიც პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ გამოსაცხადებელი აქვს, ასევე აპირებს მონაწილეობის მიღებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი გამოთქვა ასევე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button