ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის დაკანონებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას ეხება.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება და მისი შემადგენლობა არსებული 15-დან 9 წევრამდე მცირდება.

ამასთან, კანონპროექტი მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლას და მისი ახლებური წესით დაკომპლექტებას 2014 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს.

თუ მოქმედი წესით 15 წევრის წარდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა, ცვლილებების მიღების შემდეგ, ეს წესი შეიცვლება – 9 წევრი ღია კონკურსის წესით შეირჩევა და მათ პარლამენტი დაამტკიცებს ექვსი წლის ვადით.  

ახალი წესის თანახმად, სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 2 მეურვეს სახალხო დამცველი წარადგენს,  სამ მეურვეს – საპარლამენტო უმრავლესობა, სამს – პარლამენტის დანარჩენილ წევრთა ერთ მეოთხედზე მეტი, ხოლო ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, პარლამენტს სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება შეეძლება, რასაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5-ის ანუ სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებენ, რომ ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ისახავს მიზნად, რასაც ქართული ოცნება უარყოფს და აცხადებს, რომ ცვლილებების  მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

ცვლილებების მიხედვით, აჭარის ტელევიზია, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაშია, გარდაიქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიად, რომელსაც სამართლებრივი და ფინანსური ბმა ექნება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კერძოდ, ის 15%-ს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი საბიუჯეტო დაფინანსებიდან, რომელიც, ცვლილებების მიხედვით, არ უნდა იყოს წინა წლის მთლიანის შიდა პროდუქტის 0.14%-ზე ნაკლები, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 0.12%-სა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ტელევიზიების დაფინანსების მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფას.
ამ მიზნით, კანონპროექტი აწესებს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებას შეავსონ და განასაჯაროონ ქონებრივი დეკლარაციები. 

კანონპროექტის მიხედვით, საერთო ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტებს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეკისრებათ ვალდებულება, ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტები. ასეთივე მოთხოვნა არ წაეყენებათ სხვა ტელეკომპანიებს, თუმცა მათ მოეთხოვებათ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ შერჩეულ აუდიტორულ კომპანიებს განახორციელებინონ აუდიტი, რომლის შედეგებიც მაუწყებლებმა თავიანთ ვებ-გვერდებზე უნდა განათავსონ, კანონპროექტის თანახმად.

ამასთან, მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება ყოველწლიურად, 1 მაისამდე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიაწოდოს და ასევე თავის ვებ-გვერდზე ატვირთონ ინფორმაცია თავისი აქტივებისა და პასივების, ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, მათი ოდენობისა და ინვესტორთა ვინაობის მითითებით.

კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას  ყოველკვარტალურად წარუდგინოს დეტალური ანგარიში ყოველდღიური სარეკლამო ჭრების და მიღებული სარეკლამო შემოსავლების შესახებ, რაც ასევე უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო ტრანტიზის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის წესების დაკანონებას. ამჟამად ეს წესები მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია სავალდებულო შესასრულებელი.
 
სავალდებულო ტრანზიტი გულისხმობს საკაბელო ოპერატორის ვალდებულებას გადასცენ მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი არხები, ასევე ის სათემო მაუწყებლები, რომლებიც ამ ოპერატორების დაფარვის ზონაში მაუწყებლობენ და ის ტელევიზიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის. თავის მხრივ სატელევიზიო არხები ვალდებული არიან მიაწოდონ თავიანთი სიგნალები საკაბელო ოპერატორებს.

კანონპროექტი იმ საკანონმდებლო წინადადებებს ეყრდნობა, რომელიც კოალიცია მედია ადვოკატირების ფარგლებში მედია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა. 

მსგავსი/Related

Back to top button