ახალი ამბები

სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ათი ათასზე მეტ მხარდამჭერს, რომ ისინი შეიკრიბდნენ, რათა დაიცვან საკუთარი „ღირსება და სამშობლო“.

„მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისათვის, რომ რამე თანამდებობები დამეკავებინა… რაიმე პრივილეგიები მიმეღო“, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს, რომლებიც სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“, „მე მოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ მიყვარხართ თქვენ; იმიტომ, რომ მინდა თქვენთან ყოფნა; იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ; იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვიქნები, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და თქვენთვის მოვკვდები. სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებ მხოლოდ თქვენთვის“.

მან უთხრა აქციის მონაწილეებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობა „თქვენ გაპატიმრებდნენ, თქვენ დაკითხვებზე დაგათრევდნენ, თქვენ ხელებს გიგრიხავდნენ და სამსახურებიდან გაგდებდნენ“. „მაინც მოხვედით, მაინც დადექით, მაინც ბევრნი ვართ… არის ერთი რამ, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ესმის: ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება“.

„ჩვენ აქ არ მოვსულვართ სკამებისთვის საბრძოლველად, ჩვენ აქ არ მოვსულვართ პრივილეგიებისთვის“, – განაგრძო მან, „ჩვენ მოვედით ერთადერთი რამის დასაცავად – ჩვენი ღირსების და ჩვენი სამშობლოს დასაცავად“.

„მე ვერ ვხედავ აქ გაბრაზებულ ხალხს; ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ამ მთავრობას ძალიან გაუღიმა ბედმა იმიტომ, რომ ჩვენ როცა ვიყავით მთავრობაში, ჩვენ გვყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ჩვენ ვიყავით იმედიანი მთავრობა და გვყავდა ბრაზიანი ოპოზიცია, ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. და მე მინდა ვუთხრა მათ: მე მინდა, რომ ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი, შეგვხედეთ ჩვენ… და თქვენც იყავით იმედიანად“.

„მე მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ დღევანდელი დღე არის გამოღვიძების დღე მათთვისაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატი იყიდეს და გადაიბირეს, მაგრამ ხალხი არ იყიდება.

„საქართველოში ეს საზოგადოებაა მთავარი და არა ცალკეული მოღალატეები და ვირთხები, ვინც გაიქცა“, – განაცხადა მან.

„თქვენ [განაცხადა მან ივანიშვილის მთავრობის მისამართით] ძალიან გაგიღიმათ ბედმა, მარტო იმიტომ არა, რომ ჩვენ დაგიტოვეთ ძალიან მაგარი შენობები, სადაც თქვენ ზიხართ, მაგარი კომფორტული კაბინეტები, მაგარი პოლიციის  სამსახურები, მაგარი ინფრასტრუქტურა, მაგარი გზები, მილიარდობით ლარი, მათ შორის იმ პროგრამებისთვის, რომელსაც თქვენ ახლა ახორციელებთ, მთავარი თქვენი ბედი არის იმაში, რომ როდესაც ჩვენი მთავრობა იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე… და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა… და ჩვენ არ მოგცემთ თქვენ იმის საშუალებას, რომ თქვენ უღალატოთ ქვეყანას და ჩააბაროთ ქვეყნის მტერს“, – განაცხადა მან.

„[აქციაზე] არის ძალიან ბევრი ხალხი და მე ვთხოვ მთავრობას, რომ ამას ნუ განიხილავთ, როგორც თქვენ ტრაგედიას. ეს არის თქვენი გამარჯვებაც, ჩვენი გამარჯვებაც, საერთო გამარჯვება იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს აქვს ღირსება, ბრძოლის უნარი,  ჟინი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის აქცია, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. სააკაშვილამდე, აქციაზე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გამოვიდა.

მანამდე პარასკევს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი აქციაზე დასკვნითი სიტყვის თქმას აპირებდა და შეკრების დასაწყისშიც კი უცნობი რჩებოდა, მივიდოდა თუ არა აქციაზე სააკაშვილი; სააკაშვილი აქციის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ საათში გამოჩნდა რუსთაველზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button