skip to content
ახალი ამბები

მერაბიშვილის გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მისი პარტიის მიერ რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ 19 აპრილი „უკვე შევიდა ისტორიაში“, რადგან მან დაანახა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, რომ ხალხი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევის ნებას არ მისცემს.

„დღეს თქვენ აქ მობრძანებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც ვლადიმერ პუტინი და ვერავინ ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას“, – მიმართა მერაბიშვილმა მხარდამჭერებს.

„დღეს მე ვარ ბედნიერი კაცი იმიტომ, რომ 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო საქართველოს ეროვნული მოძრაობა 200, 300 და 1000 კაცი გამოდიოდა  და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა; დღეს, 2013 წელს, როცა დადგა ეჭვის ქვეშ საქართველო ორიენტაცია ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში. ამიტომ მე ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას: ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისაგან“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ისწავლა თავის შეცდომებზე; მან ასევე განაცხადა, რომ პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალი სახელმწიფო შექმნა, თუმცა ბევრი რამ ვერ მოასწრო, მათ შორის მთავარი პრობლემა, რაც ახალ ხელისუფლება დაუტოვა, უმუშევრობაა.

„დღეიდან მე გაძლევთ გარანტიას, რომ ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი პარტია, მისი მთავარი ამოცანა იქნება ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნოს სამსახური და მომავალში გააკეთოს ყველაფერი, რათა აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოში შექმნას სამუშაო ადგილები და თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება საქართველოში არ იყოს არცერთი ადამიანი უმუშევარი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ასევე მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ თავი დაანებოს „ნგრევას“.

„მე მოვუწოდებ მას, რომ მთელი თავისი დრო, ენერგია და თუ გინდათ, თავისი ფული მოახმაროს საქართველოს კეთილდღეობას, ეკონომიკის აღორძინებას, თავი დაანებოს ნგრევას“, – განაცხადა მან, „თუ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში უნდა დარჩეს,  ადამიანად, რომელმაც თუნდაც რაღაც გააკეთა, მას აქვს ამის შანსი – პატარა, მაგრამ მაინც აქვს შანსი  – და ჩვენ მზად ვართ, თუ ამას გააკეთებს, ხელი შევუწყოთ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მთავრობას არაფერი ტყუილის, დაშანტაჟების, ზეწოლის, მედიის კონტროლის, კომპრომატების გამოქვეყნების მეტი არ გაუკეთებია და ამ გზით ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ჩაეწეროს არაპოპულარული პოლიტიკოსების სიაში და არ მიეცეს მას საშუალება ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი ვადა. ამიტომ საქართველოს ინტერესებშია ყველანი დავდგეთ ერთად“.

„ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ დიადი იდეები გვაქვს, ჩვენ კეთილშობილი ამოცანები გვაქვს და ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, ჩვენ ვისწავლეთ ჩვენ შეცდომებზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა თავის გამოსვლაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button