
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი 21 მარტის სხდომაზე დაიწყებს
დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას 21 მარტს პარლამენტის სხდომაზე დაიწყებენ, სამშაბათს ბიუროს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.
დებატები „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლოა 22 მარტსაც გაგრძელდეს, რის შემდეგაც ცვლილებათა პროექტს კენჭი ეყრება, აცხადებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, დაუჭერს თუ არა მხარს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებამოსილებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად მოახდინოს ახალი მთავრობის ფორმირება.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს რჩება უფლება გადააყენოს მთავრობა, თუმცა მასვე უნდა დააკისროს მოვალეობის შესრულება მანამ, სანამ პარლამენტი ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს. ამასთან, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე ექვსთვიან შუალედში პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. პარლამენტის დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის სამჯერ არ გამოცხადება წარმოადგენს.
This post is also available in: English Русский