ახალი ამბები

ივანიშვილი: ევროპარლამენტარების წერილი ‘იყო სირცხვილი’

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წერილი, რომელშიც ევროპარლამენტის 23 წევრი მას აკრიტიკებდა „სირცხვილი იყო“ და დასძინა, რომ მისი ავტორები „სააკაშვილის ტყუილებზე ცხოვრობენ“.

23-მა პარლამენტარმა, საიდანაც 19 ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდანაა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 6 მარტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ივანიშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან საქართველო ევროპის გზას ჩამოაშორა. 10 მარტის საპასუხო მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებული“ განცხადებების გამო და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“.

როდესაც ჟურნალისტებმა 12 მარტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს მისაღები იყო თუ არა უსუფაშვილის წერილის ტონი მისთვის, ივანიშვილმა უპასუხა: „ძალიანაც მისაღებია. ჩვენ ძალიან კარგ ენაზე და გასაგებ ენაზე ვესაუბრებით ევროპას. ყველა აქცენტი ჩემი გაკეთებულია პირადად“.

„უფრო მკვეთრი წერილი გამოქვეყნდება ჩემი სახელით. მე არ ვუპასუხე იმ პატარა ჯგუფს და პატარა გუნდს. მე უფრო ფართო წერილს ვწერ მთლიანად სახალხო პარტიას და ნახავთ, ის უფრო მკვეთრი იქნება. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი, რაც 23-მა პარლამენტარმა გამოაქვეყნა, იყო სირცხვილი… ჩვენ არ გვეშინია სიმართლე ევროპაშიც ჩავიტანოთ. სააკაშვილს ჰქონდა ამის იმედი, რომ ჩვენ ვერ გავბედავდით პაექრობას. აი დადგა დრო, გავიდა ოთხი თვე და ჩვენ ევროპელებსაც მოვახერხებთ [რომ ვუთხრათ სიმართლე], იმ ნაწილს, რომელიც ახერხებს სააკაშვილის სიცრუეზე იცხოვროს“.  

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი წერილი ევროპის სახალხო პარტიის მიმართ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება; მან ასევე განაცხადა, რომ „ერთადერთი პრობლემა“, რომელმაც შეაფერხა წერილის გამოქვეყნება დასავლურ პრესაში ის არის, რომ ის „ძალიან ვრცელია“.

„არც ერთ გაზეთს არ სურს მისი გამოქვეყნება, რადგანაც ის ძალიან ვრცელია“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ Financial Times, Wall Street Journal და სხვებიც დაინტერესებული არიან წერილის გამოქვეყნებაში, თუმცა აცხადებენ, რომ მხოლოდ მესამედი უნდა დაიბეჭდოს.

ივანიშვილმა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილა, განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისთვის გამოცდა იქნება. კოალიცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე სავარაუდოდ მარტში მოგვიანებით დააყენებს. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის დათხოვნის და ახლის დანიშვნის უფლება. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები უარს იტყვიან ცვლილებების მხარდაჭერაზე, ეს მის მთავრობას არანაირ ზიანს არ მიაყენებს, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება საზიანო, რადგანაც ასეთი არადემოკრატიული საკონსტიტუციო დებულების გაუქმებაზე უარის თქმა ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკური თვითგანადგურების ტოლფასი იქნება. 
   
"დიდი ალბათობით მათ [ევროპის] სახალხო პარტიიდანაც გარიცხავენ", – განაცხადა ივანიშვილმა. 

ნაციონალურ მოძრაობას, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი სააკაშვილია, ევროპის  სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button