skip to content
ახალი ამბები

ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისია  3 თვის ვადით და 12 დეპუტატის შემადგენლობით შეიქმნება პარლამენტში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე. 

ამგვარი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას დეპუტატებმა 7 მარტის სხდომაზე დაუჭირეს მხარი, რასაც მოგვიანებით ასევე უნდა მოჰყვეს გადაწყვეტილება კომისიის შექმნისა და მისი დაკომპლექტების თაობაზე იმ პრინციპით, რომ მასში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა ნახევარს ანუ 6 წევრს არ აღემატებოდეს.

კომისიის შექმნის ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნა განაპირობა იმ საჩივარმა, რომელიც ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ მის კომიტეტში სატელეფონო კომუნიკაციების კომპანიებმა, მათ შორის „ახტელმა“ და „ახალმა ქსელებმა“ წარადგინეს.

ამ საჩივარზე დაყრდნობით, მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციების წევრთა მხრიდან შესაძლო დარღვევები, მათ შორის თანამდებობის ბოროტად გამოყენების, დოკუმენტების გაყალბების, სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის, კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების თაობაზე.

ამ პრეტენზიების დადასტურების შემთხვევაში, ტყემალაძის თქმით, „სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე“.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის სასარგებლოდ არჩევანი პროცესის მეტი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად  გაკეთდა ნაცვლად იმისა, რომ მასალები შესასწავლად პირდაპირ პროკურატურისთვის გადაეგზავნათ.

დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას არანაირი მოსაზრება არ გამოუთქვამთ. როგორც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button