Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავრობამ ბრიუსელში განთავსებული ლობისტური კომპანია დაიქირავა

საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში მდებარე ლობისტური და საკონსულტაციო კომპანია Cambre Associates-ი დაიქირავა. 

ექვსთვიანი კონტრაქტის თანახმად, რომელსაც ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თებერვალში მოაწერა ხელი და რომელიც საქართველოს მთავრობამ 6 მარტს გაასაჯაროვა, მთავრობა თვეში 40 000 ევროს უხდის კომპანიას გაწეული მომსახურებისთვის.

კონტრაქტის თანახმად, Cambre Associates–ის მომსახურებები მოიცავს „საქართველოს მთავრობის და მისი სტრუქტურების დახმარებას და კონსულტირებას იმ საგარეო მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ინტერესებზე ახდენენ ზეგავლენას; სტრატეგიების და პოლიტიკური ინიციატივების ფორმულირებას ამ ინტერესების შესაბამისად; მაღალჩინოსნების ან საქართველოს მთავრობისთვის პერსონალური მხარდაჭერის აღმოჩენას საგარეო პოლიტიკის სფეროში მათი მოვალეობების შესრულებაში; საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის და ნატოს მისწრაფებაში, მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართულ პირებთან ურთიერთობებში; ასევე დახმარებას შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მოწყობაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპის ინფორმირებაში“.

Cambre Associates–ს, რომელიც ბრიუსელშია განთავსებული, მადრიდშიც აქვს ოფისი.

ასევე თებერვალში მთავრობამ ვაშიგნტონში გავლენიანი ლობისტური და იურიდიული კომპანია Patton Boggs-ი დაიქირავა, რომელიც შარშან პირადად ივანიშვილს და მის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უწევდა მომსახურებას.

აშშ–ში ლობისტური საქმიანობის შესახებ ანგარიშგების უფრო მკაცრი წესები მოქმედებს, ვიდრე ევროპაში, რის გამოც ვაშინგტონში ლობისტური საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგი უფრო ადვილია, ვიდრე ევროკავშირში. შედეგად, ევროპაში საქართველოს ლობისტურ საქმიანობაზე, როგორც წესი, გაცილებით მწირი ინფორმაცია არსებობს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Cambre Associates–თან კონტრაქტის გამოქვეყნება პირველი შემთხვევაა, რამაც საქართველოს მიერ ევროპაში განხორციელებული ლობისტური საქმიანობა საჯარო გახადა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 6 მარტს, რომ წინა მთავრობის პირობებში ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული „კონტრაქტების 80%“ გასაიდუმლოებული იყო.

ეს კონტრაქტები ძირითადად ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ იყო დადებული. ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის მანძილზე ამ კონტრაქტებზე 32 მილიონი ლარი დახარჯა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების საბჭო ბოლო წლებში ხშირად ხდებოდა კრიტიკის სამიზნე გადასახადის გადამხდელთა თანხების ლობისტურ საქმიანობაში ხარჯვის გამო; კერძოდ, ოპონენტები მათ სახელმწიფო თანხების ნაციონალური მოძრაობის ლობისტური მიზნებისთვის ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს თქმით, ლობისტური ძალისხმევა ეროვნული ინტერესების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული, რაც ძირითადად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ რიგი ღონისძიებების, ამ კონტრაქტებით გათვალისწინებული, ნამდვილად ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესების დაცვას, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ეჭვის საგანია“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა 6 მარტს.

მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოველწლიური დაფინანსება 2012 წელს არსებული 21 მილიონი ლარიდან 1.8 მილიონ ლარამდე 2013 წელს, ეროვნული უშიშროების საბჭო იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტები რამოდენიმე ლობისტურ კომპანიასთან, მათ შორის გავლენიან Podesta Group–თან და Gephardt Group Government Affairs–თან. ამჟამად, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ათთვიანი კონტრაქტი აქვს „მთავრობასთან ურთიერთობების და კომუნიკაციების საკითხებში“ კონსულტანტთან აშშ-ში გრეგორი მანიატისთან Ithaca Group–იდან.

ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ბერუჩაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ლობისტური ძალისხმევის „100 პროცენტი“ „ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება“, „შეუდარებლად მცირე საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით“ განხორციელდება და „ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური გამჭირვალობის ფარგლებში“. მან ასევე განაცხადა, რომ Patton Boggs–თან და Cambre Associates–თან კონტრაქტების მთავარი მიზანი არის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button