ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა აპრილში რუსთაველის გამზირზე მიტინგს გეგმავს

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიტინგს გამართავს, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მთავრობის „ბუნდოვანი პოზიციის“ წინააღმდეგ.  

„დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან რუსეთთან დაბრუნება. სწორედ ამიტომ 19 აპრილს 4 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის შენობის წინ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

„მე მინდა მოვიწვიო ყველა პატრიოტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა ვინ რომელ პარტიაშია, რათა დღევანდელ ხელისუფლებას და დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა მან.

ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მოლაპარაკებებში, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითხოვდა ქვეყნის პროდასავლური კურსის საკონსტიტუციო გარანტიებს. ეს წინადადება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო;  მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, უთანხმოება რჩება საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირების პირობებთან დაკავშირებით.

„მათი ტექსტი [საგარეო კურსზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით], ვთვლით, რომ არ იყო ოპტიმალური, მაგრამ ამ თემებზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა სრული კარტბლანში  – ‘მოგვიტანეთ რა ტექსტიც გსურთ, ოღონდ ერთი პირობით, ეს ტექსტი იყოს შეთანხმებული თავად ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან’, რომ პირიქით რაიმე ჩანაწერებით საქმე არ გავაფუჭოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ჩართულია ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებში, 20 თებერვალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button