
მოსკოვი მიესალმება ამნისტიის შედეგად რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას
მოსკოვი მიესალმა თავისი სამი მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოში ამნისტიის შედეგად და მოუწოდა თბილისს რუსეთის ის მოქალაქეებიც გაათავისუფლოს, რომლებიც „შეთითხნილი“ ბრალდებებით იხდიან სასჯელს.
13 იანვარს საქართველოში ის 190 პატიმარი გათავისუფლდა ციხეებიდან, რომლებიც პარლამენტმა პოლიტმატიმრებად ცნო; იმ გათავისუფლებულ პირებს შორის, რომლებიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, რუსეთის სამი მოქალაქეც იყო.
„მხოლოდ მისასალმებელია ის ნაბიჯები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონობის აღმოსაფხვრელად გადაიდგა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნდა.
„აუცილებლად მიგვაჩნია ქართული ციხეებიდან იმ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსწრაფესი გათავისუფლება, რომლებიც პოლიციის თავნებობის, ჯაშუშომანიის და შეთითხნილი სასამართლო საქმეების მსხვერპლნი გახდნენ“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დეკემბრის ბოლოს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა დაძლია მისი ვეტო, რის შედეგადაც კანონი ძალაში შევიდა.
პრეზიდენტმა განაცხადა 28 დეკემბერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მან ვეტო დაადო კანონპროექტს ის არის, რომ იგი „რუსეთის ჯაშუშების“ გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.
„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ე.წ. ჯაშუშების საქმეები იყო „კარგად გამოძიებული“.
„რუსეთის ჯაშუშების, საქართველოს ოკუპანტების გარეთ გაშვება არა მხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობაა და უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე ქმედება განახორციელოს საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა სააკაშვილმა დეკემბრის ბოლოს და დაამატა, რომ „არცერთი თავის თავის პატივისმცემელი ქვეყანა ასეთ ნაბიჯებს ასე ხელაღებით არადროს არ დგამს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)