skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ლიტვაში, ლატვიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 14 იანვარს რიგაში ლატვიის ხელმძღვანელობასთან მართავს მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიტვას ესტუმრა, ხოლო 15 იანვარს ჩეხეთის რესპუბლიკაში გეგმავს ვიზიტს.

რიგაში ფანჯიკიძე თავის ლატვიელ კოლეგას ედგარს რინკევიჩს, ასევე ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს და სეიმის სპიკერს სოლვიტა ობოლტინას შეხვდება.

„მხარეები ლატვია–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მთავარ საკითხებს, ასევე ევროკავშირი–საქართველოს და [საქართველო]–ნატოს ურთიერთობებს, საერთაშორისო თანამშრომლობის ბოლოდროინდელ მოვლენებს და საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყებამ.

10–12 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვას სტუმრობდა, სადაც მან შეხვედრები გამართა თავის კოლეგასთან, ლინას ანტანას ლინკევიჩიუსთან, ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან და პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან.

ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა 11 იანვარს ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ ვისნიუსი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს „კურსს დასავლური დემოკრატიისკენ“.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს არჩეული კურსი, განაგრძოს დაწყებული სამუშაოები და წარმატებულად განახორციელოს რეფორმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისთვის. დღეს საქართველომ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობა ევროპული პოლიტიკური ცხოვრების ნორმების და ღირებულებების გამოყენების კუთხით“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. 

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინკევიჩიუსმა ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და „მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკური ოპონენტების დევნად იქნას მიჩნეული“. მან ასევე ყურადღება გაამახვილა „საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ზოგიერთ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც საქართველოში ლიტველი ბიზნესმენები დგანან“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.   

This post is also available in: English Русский

Back to top button