1.4%–იანი დეფლაცია დეკემბერში
წლიური ინფლაცია 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4% შეადგინა, მაშინ როცა ნოემბერში წლიური ინფლაციის დონე საქართველოში -0.5% იყო.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3.6%-ით შემცირდა დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფზე ფასები 3.6%-ით შემცირდა, ხოლო ტანსაცმელზე, კავშირგაბმულობასა და ტრანსპორტზე ფასებმა, შესაბამისად, 3.2%–ით, 0.5%–ით და 0.1%–ით იკლო.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმროების და რესტორების ჯგუფზე ფასები დეკემბერში 3.6%–ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვის მომსახურებაზე იმავე პერიოდში ფასები 2.8%–ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში თავისი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 5.25%–მდე შეამცირა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2010 წლის მაისის შემდეგ.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 19 დეკემბერს, რომ წლიური ინფლაცია მომავალი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე – 6%–ზე დაბალი იქნება.
„ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორები ნოემბერში ეკონომიკური აქტივობის მოთხოვნის მხრიდან შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების დონეზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 19 დეკემბერს, „მიუხედავად საბანკო სექტორში არსებული მაღალი ლიკვიდობისა და კაპიტალისა, სესხებზე დაბალი მოთხოვნის გამო კვლავ მოკრძალებულია საკრედიტო აქტივობა“.
„მოთხოვნის შესუსტებას, ასევე, ხელს უწყობს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი ზრდის ტემპი“, – აცხადებს ეროვნული ბანკი. ნოემბერში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 110.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.1%–იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)